მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ENKA ვალდებულია, ახალი გარემოებების გამოკვეთის შემთხვევაში პროექტში ცვლილებები შეიტანოს" - თურნავა

604d07ccd6259
BM.GE
13.03.21 22:31
1102

კომპანია ENKA Renewables-სა და მთავრობას შორის შეთანხმებით, ნამახვანჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა მანამდე არ დაიწყება, სანამ ექსპერტების მიერ პროექტის შექმნისთვის გამოყენებული კვლევების გადამოწმება არ მოხდება. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, თუკი კვლევების შედეგად გამოიკვეთება აუცილებლობა, რომ ინვესტორმა პროექტში ცვლილებები უნდა შეიტანოს, ENKA Renewables-ს ამის ვალდებულება ექნება.  ასევე მიღწეული შეთანხმების შედეგად, შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5- მილიონ ლარიანი ფონდი, კომპანიაში დაინიშნება ქართველი დირექტორი და პროექტის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო.

"გადავადებინეთ ინვესტორს ყველაზე უფრო კრიტიკული ნაწილი - 105-მეტრიანი კაშხლის მშენებლობა და 530 ჰექტარის ფართობის წყალსაცავის შექმნა, რაც ტექნიკურად ყველაზე რთული ნაგებობაა. გადავადებინეთ და ვთქვით - კლიმატის, სეისმიკის, მეწყერების და კაშხლის მდგრადობის მიმართულებით ჩავატაროთ კიდევ ერთი კვლევა. ამ ნაწილში ჩვენ ვიქირავებთ ყველა მხარის მიერ ნდობით აღჭურვილ ადგილობრივ სამეცნიერო ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და NGO-ებს, რათა გადაამოწმონ. კითხვა იყო, თუ გადამოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ პროექტში რაღაც ცვლილებები უნდა შევიდეს, ამაზე რას იზამს ინვესტორი? თუ ამ გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ის კვლევა, რაზე დაყრდნობითაც პროექტი შედგა, არ არის ბოლომდე სრულყოფილი, რაღაც ნიუანსებს ბოლომდე არ ითვალისწინებს, ეს არის ინვესტორის რისკი. ინვესტორს შეიძლება ამით გაუძვირდეს პროექტი, მაგრამ ეს არის მისი რისკი და ვალდებულები არიან ახალი გარემოებების გამოკვეთის შემთხვევაში რაღაცები  შეცვალონ,"- გადაცემა "რეალურ სივრცეში" განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, კომპანიაში ქართველი დირექტორის დანიშვნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება იმისთვის, რომ პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებასა და ინვესტორს შორის კომუნიკაციის ხარისხი გაუმჯობესდეს. 

"რატომ მაინცდამაინც ქართველი დირექტორი? - იმიტომ რომ ჩვენც ვაღიარებთ, რომ კომუნიკაციის პრობლემა გვქონდა და დღემდე გვაქვს ეს პრობლემა. თუმცა ხედავთ, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ მის გამოსწორებას და ის გადაწყვეტილებებიც, რაც მივიღეთ არის კომუნიკაციების შედეგი. ქართველი დირექტორის საკითხიც არის იმ წუხილის ერთ-ერთი ნაწილი, ეს თავად კომპანიამ შემოგვთავაზა, რადგან თქვეს, რომ “რაღაცას, ეტყობა, ისე არ ვაკეთებდით”, რაც ეხებოდა კომუნიკაციის ნაკლებობას", - განაცხადა ნათია თურნავამ.