მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი დავკარგეთ" - TBC Capital-ი ავტომობილების ექსპორტზე

5fae8bbca97ab
ლიკა გურაბანიძე
13.11.20 22:00
1686
საქართველოში 2020 წლის 9 თვეში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 31%-ით, ექსპორტი კი 37%-ით შემცირდა. “თიბისი კაპიტალის” კვლევის თანახმად, ბოლო ოთხ წელიწადში საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი მხოლოდ აზერბაიჯანში გაიზარდა, ხოლო სომხეთსა და უკრაინაში შემცირდა.

რას უკავშირდება სტატისტიკის ცვლილება?

„თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსმა თორნიკე კორძაიამ საქართველოს ავტოინდუსტრიის ბაზარზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის გარდა საექსპორტო ბაზრებზე ავტომობილების გაყიდვების შემცირება სხვა მიზეზებითაც არის გამოწვეული.

“საექსპორტო ბაზრებზე დიდი ვარდნა თავისთავად პანდემიას ჰქონდა, თუმცა პანდემიაზე დიდი დარტყმა ქართველი ექსპორტიორებისთვის სომხეთის ბაზრის ჩაკეტვამ გამოიწვია, სადაც 9 თვის განმავლობაში 97%-იანი კლება იყო.

ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი დავკარგეთ და აქ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ჩავანაცვლებთ ამ ბაზარს.

იმან, რომ სომხეთის ბაზარი ასეთი ხელმისაწვდომი აღარ არის, თავისი გავლენა იმპორტზეც იქონია. იმპორტი დაკლებულია ჩვენ ძირითად იმპორტიორ ბაზრებზე: ამერიკიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან და თურქეთიდან, საიდანაც 35%-იანი კლება შეინიშნება. ინდუსტრიაში გასაღების ბაზრის ჩანაცვლებისთვის დამატებითი ბაზრის მოძიება უნდა მოხდეს.

2021 წელს სავარაუდოდ სომხეთის ბაზრის ეფექტი ბოლომდე აღმოფხვრილი არ იქნება, 2022 წელიც უფრო სუსტი იქნება, ვიდრე 2019 იყო", - განაცხადა კორძაიამ.

თორნიკე კორძაიამ ასევე პოპულარულ ავტომობილებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ Toyota-ს მარკის ავტომობილის წილი შედარებით შემცირებულია, თუმცა აქტუალობას დღემდე არ კარგავს.

“2018 წელს იყო პიკი, როდესაც Toyota-ს საბაზრო წილმა ახლად რეგისტრირებულ მანქანებში რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს ლიდერის პოზიციებს კვლავ ინარჩუნებს მისი წილი შედარებით დაბლა მოდის და მოთხოვნა სხვა მანქანებზე იზრდება", - განმარტა თორნიკე კორძაიამ.