08.აგვისტო .2020 13:05

"ეს იყო სწორი გადაწყვეტილება" - საფონდო ბირჟის დირექტორი GHG-ის LSE-დან მოხსნაზე

views 1967
უკან

GHG-ის აქციონერებისთვის ეს იყო სწორი გადაწყვეტილება - ასე აფასებს საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორი გიორგი ფარესიშვილი, BM.GE-ისთან საუბრისას, ლონდონის საფონდო ბირჟიდან „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ მოხსნის გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ აქციები არალიკვიდური იყო, კომპანიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს გადაწყვეტილება არ მიუღია ლონდონის ბირჟას, ეს თავად ამ კომპანიის აქციონერებმა იქიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ მათი აქციების ლიკვიდურობა არ იყო მაღალი. შესაბამისად, მათ შესთავაზეს ინვესტორებს, რომ თუ ისინი ფლობდნენ GHG-ის აქციებს, გადაეცვალათ ეს აქციები დედა კომპანიის Georgian Capital-ის აქციებზე, რომელიც გაცილებით დიდი კომპანიაა და ბევრად უფრო ლიკვიდურია.

ჩემი აზრით, ეს იყო საინტერესო შეთავაზება და როგორც ვხედავთ აქციონერების უმეტესობამ ეს შეთავაზება მიიღო. იმის შემდეგ, რაც ეს შეთავაზება მიღებული იყო აქციონერების მხრიდან, რეალურად ბრუნვაში დარჩენილი GHG-ის აქციების რაოდენობა იმდენად შემცირდა, რომ უბრალოდ აზრი დაკარგა ამ კომპანიის ბირჟაზე ყოფნამ, მით უმეტეს ისეთ ბირჟაზე როგორიცაა ლონდონის საფონდო ბირჟა. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ აქციონერებისთვის ეს იყო სავსებით ლოგიკური და ეკონომიურად გამართლებული გადაწყვეტილება“, - განმარტავს გიორგი ფარესიშვილი.

საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორი მიიჩნევს, რომ საქართველოზე ეს არანაირ ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს და პირიქით, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე მაღალი ლიკვიდობის კომპანიები ილისტებოდეს.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ლონდონის ბირჟის ლისტინგიდან ამოღებას ქვეყანაზე არანაირი ნეგატიური გავლენა არ ექნება. აქ მნიშვნელობა საქართველოდან წარდგენილი კომპანიების რაოდენობას არ ენიჭება მხოლოდ, ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს. ბევრი არალიკვიდური კომპანიის ყოფნას, ჯობია, რომ იყოს ნაკლები კომპანია, მაგრამ ლიკვიდური, რომელიც კარგად ივაჭრება და ვაჭრობის დიდი მოცულობები აქვს. პირიქით, ბოლო პერიოდში საქარველოს ჯანდაცვის ჯგუფის ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტვა, შესაძლოა, უფრო ნეგატიურიც ყოფილიყო, რადგან ინვესტორები ამბობდნენ, რომ არალიკვიდური აქციები იყო. ეს პრობლემა მოიხსნა“, - აღნიშნა საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა