27.მაისი .2021 10:42

"ევროკავშირი, მისი EU4Business პროგრამით, საქართველოში კერძო სექტორის უმსხვილესი მხარდამჭერია"

"ევროკავშირი, მისი EU4Business პროგრამით, საქართველოში კერძო სექტორის უმსხვილესი მხარდამჭერია"
views 444
უკან

საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოები (SMEs) დასაქმების და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, მათ ხშირად ექმნებათ დაბრკოლებები, როგორიცაა ფინანსებზე შეზღუდული წვდომა, მკაცრი კანონმდებლობა და ახალ ბაზრებზე გასვლასთან დაკავშირებული სირთულეები.

2009 წლიდან, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას EU4Business პროგრამის მეშვეობით. ამჟამად ქვეყანაში მოქმედებს 50-მდე სხვადასხვა პროექტი, რომელთა საერთო ბიუჯეტი 320 მილიონ ევროს (დაახლოებით 1.2 მილიარდ ლარს) აღემატება. 


"ამ ძალისხმევას შედეგები უკვე მოაქვს – მხოლოდ 2019 წელს, საქართველოში 36 000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა განხორციელდა, რის შედეგადაც 30 000 ახალი სამუშაო ადგილი და 400 მილიონ ევრომდე (1.5 მილიარ ლარზე მეტი) დამატებითი შემოსავალი შეიქმნა.

EU4Business არის ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს COVID-19 პანდემიის კრიზისით დასუსტებული ეკონომიკის აღდგენას. სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური დახმარება და მცირდება შერჩევის კრიტერიუმები რაც შეიძლება მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად.

ევროკავშირი უზრუნველყოფს დაფინანსებას ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW), რომლებიც თავის მხრივ თანამშრომლობენ ადგილობრივ პარტნიორებთან, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, შემდეგი სამი მიმართულებით:

ფინანსებზე წვდომა

ევროკავშირი უზრუნველყოფს დაფინანსებას და გარანტიებს ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებისთვის, როგორიცაა საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბაზისბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი, რათა მათ უზრუნველყონ მცირე და საშალო ბიზნესისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფინანსური შესაძლებლობები, განსაკუთრებით დაბალი საპროცენტო განაკვეთით და უცხოური ვალუტის ნაცვლად ლარში სესხების გაცემა.

ბიზნესის განვითარების სერვისები

EU4Business პროექტები ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებაში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) სტანდარტების შესაბამისობაში, ბიზნესკავშირების დამყარებაში და ევროპულ და სხვა ბაზრებზე უკეთეს წვდომაში. ეს, მაგალითად, ხდება სექტორული კლასტერების, ბიზნეს ინკუბატორების და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების შექმნით.

ბიზნესის ხელშემწყობი გარემო

ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკისა და მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ასევე DCFTA-ს მოთხოვნებთან დაახლოების პროცესის მხარდაჭერით. ამაში იგულისხმება ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის პოლიტიკის, კანონმდებლობის, წესებისა და რეგულაციების ევროკავშირთან შესაბამისობაში მოყვანა. გარდა ამისა, EU4Business აძლიერებს ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს და ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორის აქტიურ დიალოგს უფრო ინკლუზიური და მიზნობრივი პოლიტიკის შესამუშავებლად.

მიმდინარე კვირას, ჩვენ ვიწყებთ კამპანიას, რათა მოგიყვეთ ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების შესახებ. შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, გაგაცნობთ ზოგიერთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს, რომელთაც EU4Business პროგრამით ისარგებლეს და ბიზნესის გაფართოვება შეძლეს, პანდემიის პირობებშიც კი.

იმისათვის, რომ მეტი შეიტყოთ EU4Business პროგრამის შესახებ და გაიგოთ თუ როგორ შეიძლება მასში ჩაერთოთ, ეწვიეთ https://eu4business.ge/ და ჩვენი კამპანიის გვერდს"- ნათქვამია ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა