მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ე.წ. საპენსიო სესხებზე მომზადებული სატენდერო დოკუმენტაცია უნდა გასაჯაროვდეს" - კეპულაძე

61701381206de
ინგა მურუსიძე
20.10.21 17:47
909
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს და პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლების მომსახურებასთან დაკავშირებული ახალი სატენდერო დოკუმენტაციის გასაჯაროებას ითხოვს.

„აუცილებელია, ისეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემისადმი, როგორიც საპენსიო საკითხია, ყველა აქტივობა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისთვის. მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით დადგენილ ვადებში, უზრუნველყოთ თქვენ მიერ მომზადებული განახლებული სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო ვერსიის მოწოდება“, - ნათქვამია „აფბას“ მიმართვაში.

საქმე ის არის, რომ 2022 წლის ბოლოს საპენსიო გასაცემლის მიმართულებით სახელმწიფოსა და "ლიბერთი ბანკს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა გასდის. პარლამენტში საკმაოდ ხმაურიანი, არაერთი საკომიტეტო განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ საპენსიო გასაცემლის შესახებ ახალი ტენდერი გამოცხადდეს. პრემიერის დავალებით, შეიქმნა სპეციალური უწყებათშორისი კომისიაც, რომლის თავმჯდომარე ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილია. ის ჯერ კიდევ სექტემბერში ამბობდა, რომ კომისია, რომელშიც პარლამენტის წევრები და მთავრობის წარმომადგენლები შედიან, ე.წ. "საპენსიო სესხების" გაცემის ნაწილში მაქსიმალურად კომფორტულ პირობებზე მსჯელობდა. უკვე გაიმართა კომისიის პირველი სხდომა, თუმცა ახალი სატენდერო პირობების შესახებ ინფორმაცია ან რა მოდელზე მუშაობს კომისია, ჯერჯერობით, დაინტერესებული წრეებისთვის უცნობია.

„აფბა“ ერთადერთი არაა, ვინც განახლებული სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო ვერსიის გასაჯაროებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდებას იზიარებს “საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე, რომლის აზრითაც, პროცესის გამჭვირვალობას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„თავიდანვე, როცა ამ თემის განხილვა დაიწყო - რომელი ბანკი უზრუნველყოფს საპენსიო გასაცემლის გაცემას ან როგორი იქნება სახელმწიფოს პოზიცია ამ ახალ ხელშეკრულებაში, ვამბობდით, რომ პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, რადგან ეს არ ეხება მხოლოდ კომერციულ ინსტიტუტებს, ეს ეხება ათასობით პენსიონერს.

ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია, დოკუმენტის ის ნაწილი, რაც კომერციულ საიდუმლოებას არ მოიცავს, იყოს საჯარო და ფართო საზოგადოებამ, მათ შორის პენსიონერებმაც გაიგონ, რა პოზიცია აქვს სახელმწიფოს, რას ითხოვს კერძო სექტორისგან, როგორ განვითარდება პროცესები და ა.შ. ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს, ამიტომ დოკუმენტაცია უნდა გაიხსნას და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“, - განაცხადა bm.ge-სთან გიორგი კეპულაძემ.

ამასთან, ის მიიჩნევს, რომ დოკუმენტაციის გასაჯაროების წინააღმდეგები არ იქნებიან ის ორგანიზაციები, რომლებსაც შესაძლოა, ეს საკითხი ეხებოდეს, მათ შორის მაგალითად, „ლიბერთი“, რომელიც თავისი განცხადებებით ადასტურებს, რომ მზად არის, პროცესი სრულიად გამჭვირვალე იყოს.

„ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომ ნებისმიერ საკითხს, რომელიც კაბინეტში, ჩუმად განიხილება და მხოლოდ შედეგს გვაგებინებენ, მოსახლეობა ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებს. მით უმეტეს პენსიის სენსიტიურობიდან გამომდინარე, შედეგის მეტი სანდოობისთვისპროცესის გამჭვირვალობა ალბათ სახელმწიფოს ინტერესშიც შედის“, - აღნიშნა კეპულაძემ.