მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფასები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ პროდუქციის მარაგები არის" - სოფრომაძე

5e6fdb152c0be
ვიქტორია მღებრიშვილი
16.03.20 23:54
4657
"ფრესკოს" დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ კომპანია თანამშრომლებისთვის იმავე რეჟიმში გააგრძელებს ხელფასებისა და ბონუსების მიცემას, ასევე სხვა შეღავათებს, როგორც ამ დრომდე იყო.

სოფრომაძე ასევე ამბობს, რომ "ფრესკოში" მარაგები არის, თუმცა, ფასების ცვლილება შესაძლოა მოხდეს. 

მიმართვას გთავზობთ სრულად:

"მინდა მოგმართოთ თქვენ ჩვენო ძვირფასო კოლეგებო, ჩვენო ძვირფასო ფრესკოელებო, ჩვენო საყვარელო ახალგაზრდობავ, ჩემო ძვირფასო დირექტორთა საბჭოვ! ჩვენ არც ერთ ვარიანტში არ დავთმობთ იმ მონაპოვარს, რაც "ფრესკომ" ამ წლების განმავლობაში შექმნა. ჩვენ არც ერთ ვარიანტში, როგორც ამ წლების განმავლობაში დღე არ დაგვიგვიანებია ხელფასი, არ დავაგვიანებთ! არც ერთ თანამშრომელს ხელფასს არ დავაკლებთ, პირიქით ყოველი თვე მარტის თვის ჩათვლით, ისევე როგორც წინა თვეები, როცა თქვენ ღებულობდით პრემიებს და ბონუსებს, ასე გაგრძელდება.

ჩვენ დავტოვებთ უკლებლივ უფასო კვებას, ჩვენ დავტოვებთ ცვლილებების გარეშე, ტრანსპორტის არმუშაობის პერიოდში ჩვენი თანამშრომლების ტაქსით გამგზავრებას - ყველა ამ მონაპოვარს ჩვენ დავტოვებთ!

მინდა მადლობა გადაგიხადოთ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარხართ, ვამაყობ თქვენით! მე დღეს თქვენთან ერთად ვიყავი, მოვიარე ჩვენი მარკეტები, ვნახე თქვენი სახეები - მადლობა! ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ შევრცხვე თქვენს წინაშე!

ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო - თუ გინდათ დაიჯერეთ, და თუ არ გინდათ აყევით იმ პანიკას, რომელიც დღეს ქვეყანაშია! "ფრესკოს" აქვს მარაგები - ჩვენ, ჩვენი ფინანსები მივმართეთ იქით, რომ გაგვეკეთებინა მარაგები. არც ერთი დღე არ ყოფილა "ფრესკოს" თაროები დაცარიელებული! და ღმერთმაც ნუ ქნას. მე ვიღებ ჩემ თავზე, რომ წინდაწინ გითხრათ თუ კატასტროფულ სიტუაციას მოველოდეთ, იქნება. ნუ აჰყვებით პანიკას, ნუ აკეთებთ ამხელა შენაძენებს, ნუ დახარჯავთ ზედმეტად ფულს იმაში, რისი მარაგის დადებაც არ გჭირდებათ.

ფასები - ფასები შეიძლება შეიცვალოს. მე მინდა გულახდილად ვიყო თქვენს მიმართ - შეიძლება შეიცვალოს ლარის დოლარის კურსთან მიმართებაში, მაგრამ მარაგები არის. ახალი მარაგების შემოტანა შესაძლებელია, მიუხედავად ჩაკეტილი საზღვრებისა. შეიძლება ფასები შეიცვლოს ამაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ საჭმლის მარაგი და პროდუქციის მარაგი გვაქვს და შემოვიტანთ კიდევაც. აუცილებლად გეტყვით ამის შესახებ თუ რაიმე პრობლემა შეიქმნება. არ გეტყვით მოდით "ფრესკოში", უბრალოდ გეტყვით "ფრესკოს" კარები ყოველთვის ღიაა თქვენთვის, იმ ხალხისათვის, რომელიც გვენდობა და ვისაც ჩვენი სჯერა.

ძალიან დიდი მადლობა ერთგულებისათვის, ნდობისათვის და იმ რწმენისათვის რაც თქვენ ჩვენს მიმართ გაგაჩნიათ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ თქვენი ნდობა გავამართლოთ. და ნუ შეგვეშინდება, ჩვენ აუცილებლად გამივარჯვებთ!", - განაცხადა ვასილ სოფრომაძემ ვიდეომიმართვაში.