მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფილოსოფოსობას არ დავიწყებ იმაზე, რომ მთავრობის ზომა ეკონომიკაში უნდა იყოს მინიმალური"

5fda5ac5499a4
BM.GE
16.12.20 23:02
756
ეკონომისტი აკაკი ცომაია 2021 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და რამდენიმე ფაქტორზე მიუთითებს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
 
"ფილოსოფოსობას არ დავიწყებ იმ საკითხზე, რომ მთავრობის ზომა ეკონომიკაში უნდა იყოს მინიმალური. ჩემი პოზიცია ცნობილია. წმინდა ტექნიკურ ჭრილში, მსურს ჩემი ხედვა გაგიზიაროთ 2021 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ზოგიერთ მაჩვენებელზე და ფისკალური პოლიტიკით ეკონომიკური ციკლების რეგულირების მიზანშეწონილობაზე, რომლითაც ცდილობენ დიდი ვალის მოზიდვის აუცილებლობის "გაპრავებას".

მითი 1 - სახელმწიფო ხარჯების მულტიპლიკატორს აქვს დიდი ძალა. უკვე მრავალი კვლევითაც დასტურდება (მაგალითად, Ramey, 2011 ეხება აშშ-ს ეკონომიკას), მულტიპლიკატორი 0.5-1.5 დიაპაზონში მერყეობს (აღმავალი ციკის დროს დაბალია, რეცესიის დროს შედარებით მაღალი). ამავდროულად,
- შედარებით მაღალია განვითარებულ და დაბალია განვითარებად ქვეყნებში
- შედარებით მაღალია დახურულ და არა ღია ეკონომიკის ქვეყნებში (ლოგიკურია, რადგან ერთობლივი მოთხოვნის გარკვეული ნაწილი ხმარდება იმპორტის დაფინანსებას. ახლა წარმოიდგინეთ საქართველოს ეკონომიკის სამომხამრებლო კალათა, რომელშიც იმპორტი 60-70%-ის ფარგლებში მერყეობს)
- ნულოვანია იმ ქვეყნებში, რომელშიც მოქმედებს მცურავი სავალუტო რეჟიმი, როგორიცა საქართველო და შედარებით მაღალია იმ ქვეყნებში, რომელშიც მოქმედებს ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმი (მაგალითად, ეროვნული ვალუტის ნაცვლად იყენებს უცხო ქვეყნის ან ქვეყნების ვალუტებს)
რაც მთავარია, ცალსახად უარყოფითია მაღალი ვალის ქვეყნებში (იხილეთ, Ilzetzki, Mendoza, and Vegh, 2013)

მითი 2. ციკლთან კორექტირებული დეფიციტი და ე.წ. ავტომატური სტაბილიზატორების როლი.

შედარებით ეფექტიანია ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში. არ მუშაობს აშშ-ში (იხილეთ, Matas and Fetov, 2012). მიზეზი მარტივია. შედეგი რომ მოიტანოს (ა) მთავრობის ზომა ეკონომიკაში უნდა იყოს დიდი (50% მაინც) და (ბ) ტრანსფერების მექანიზმი უნდა იყოს ადეკვატური. მაგალითად, როგორიცაა უმუშევრობის შემწეობა. თუმცა, მიუხედავდ ამისა, ეს ქვეყნები უარს არ ამბობენ დისკრეციული ფისკალური პოლიტიკის წარმოებაზეც. მაგალითად, აუერბახმა და ფინბერგმა, (Auerbach and Feenberg, 2000) შეისწავლეს ფედერალური გადასახადებისა და უმუშევრობის შემწეობის წვლილი ეკონომიკის სტაბილიზაციაში და დაასკვნეს, რომ მაგალითად, უმუშევრობის შემწეობის მექანიზმი აკომპენსირებს ნებისმიერი პირველადი ეკონომიკური შოკის მხოლოდ 2%-ს აშშ-ში (ცოტა არ იყოს, სასაცილოა).

2020 წელს საქართველოს მთავრობის ვალმა (სახელმწიფო ვალი უფრო მეტია) მშპ-ს მიმართ გადააჭარბა 60%-ს. ამ წუთისთვის 61%-ია. 2021 წელს დაგეგმილია საგარეო ვალის კიდევ 3.2 მილიარდით გაზრდა და ამასთან, ფიქრობენ (და მგონი დარწმუნებულებიც არიან) რომ ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება. ოპტიმისტური პროგნოზები აქვთ დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, რომელიც 2019 წლის დონესაც კი აღემატება. მარჩიელობას არ დავიწყებ. მხოლოდ მოკლე კომენტარი: ეს ის შემთხვევაა, როდესაც მომავალი პროგნოზი ვერ დაექვემდებარება წარსული პერიოდის ტრენდს ან მშპ-ს პოტენციური ზრდის ლოგიკას. ძალზე მაღალია გაურკვევლობის დონე. 4.3%-ითაც რომ გაიზარდოს ეკონომიკა, ვალის წილი მშპ-ში მაინც მოიმატებს. ახლა წარმოიდგინეთ რა მოხდება, თუ ეკონომიკა არ გაიზრდება ან შემცირდება.

ნუ იმის გათვალისწინებით, რომ რეალური საპროცენტო განაკვეთის საშუალო შეწონილი -0.6%-ის ფარგლებშია, ამ მომენტში, ვალის რეალური ტვირთი მდგრადია (იკლებს), მაგრამ საკმარისია ეკონომიკის რეალური კლება გაგრძელდეს და თუ ამას მოულოდნელი რეცესიაც დაერთო (არის ამის ალბათობაც), ვითარება რადიკალურად შეიცვლება.

როგორც აღვნიშნე, მაღალი ვალი ცალსახად უარყოფითია მაღალი ვალის ქვეყნებში. რატომ? მაასტრიხტის დამსახურებით (აბა ეკონომიკური შინაარსია არა აქვს) 60% ფსიქოლოგიური ნიშნულია. დიდი სუვერენული ვალის არსებობა აფრთხობს საერთაშორისო ინვესტორებს და ზრდის კაპიტალის გადინების რისკებს. მცირეოდენმა რყევებმაც კი, მაგალითად, გაცვლითი კურსის გაუფასურებამ, შესაძლოა კაპიტალის გადინების შეუქცევადი პროცესი გამოიწვიოს და ეს მით უფრო მეტად მოხდება, თუ ვალის რეალური ტვირთის ნაზრდმა აღმავალი ტრენდის სახე მიიღო. საქართველოს კანონით „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ეს ზღვარი 60%-ია.

გარდა ამისა, მაღალი ვალი უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე. ეს მხოლოდ თეორიულად არა, პრაქტიკულადაც დასტურდება (იხილეთ Reinhart and Rogoff, 2010). ვინაიდან გაზრდილი დეფიციტით ფაქტობრივ ეკონომიკას ვერ გაზრდით მოკლევადიან პერიოდშიც, მოცემული ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს:
- შემოსავლის ასიმეტრიულ გადანაწილებას
- რესურსების პროდუქტიული დარგებიდან არაპროდუქტიულ დარგებში გადაქაჩვას
- ღარიბების კიდევ უფრო მეტად გაღარიბებას და მდიდრების კიდევ უფრო მეტად გამდიდრებას

და ბოლოს, ყველა ზემოაღნიშნული რომც უარყოთ, თეორიულად, ფისკალური პოლიტიკის გამოყენება რეცესიის შესამსუბუქებლად ხდება მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკი ლიკვიდობის მახეშია, რომლის ნიშნებიც შორეულ ჰორიზონტშიც არ ჩანს. აქედან გამომდინარე, შეცდომაა დეფიციტის გაზრდა.

P. S. ცინიკურია ის, რომ შრომის ანაზღაურება იზრდება", - წერს აკაკი ცომაია.