მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფულის ბეჭდვა ცენტრალური ბანკების სურვილით არ ხდება, ეს სხვებმაც იციან, მაგრამ მომხრეების დაბოლების ცდუნებას ვერ უძლებენ"

6209f5214be95
ვიქტორია მღებრიშვილი
14.02.22 10:38
1189
ფინანსისტი ირაკლი ერაძე ქვეყანაში ფულის მასის ზრდის ფაქტორებს განმარტავს და აცხადებს, რომ ახალი ფულის ბეჭდვა არა ცენტრალური ბანკის ნებასურვილით, არამედ ეკონომიკისგან/მთავრობისგან მომდინარე მოთხოვნის შესაბამისად ხდება. ამის შესახებ ფინანსისტი Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

„ალბათ საკმაოდ ხშირად გაგიგონიათ ბევრი ეკონომისტისგან (განსაკუთრებით ლიბერტარიენელი ეკონომისტებისგან), რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხებით "ფულს ბეჭდავს", ამით ფულის მასას ზრდის, რაც უპირიბოდ გაზრდილ ინფლაციას და ლარის გაუარესებულ სავალუტო კურსს ნიშნავს. რეალობა კი ცოტა სხვანაირია და შევეცდები ავხსნა.

1. კომერციულ ბანკში მოქალაქის, კომპანიის ან მთავრობის (ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა) მიერ კრედიტის აღებისას უბრალო ბუღალტრული წესებიდან გამომდინარე თქვენს მიმდინარე ანგარიშზე (მარტივად ვწერ, რომ ბუღალტრული ორმაგი გატარების და დებიტ/კრედიტის წიაღსვლებით არ გადაგღალოთ) ჩნდება რიცხვებში გამოხატული ჩანაწერი, იმავე ოდენობის თანხისა, რა ოდენობითაც სესხი აიღო მსესხებელმა. ზუსტად ეს არის მომენტი, როდესაც ახალი ფული შეიქმნა ("ფულის ბეჭდვას" რომ ვეძახით) და შესაბამისად ფულის მასა გაიზარდა. ანუ მას არ ჭირდება არც დეპოზიტორების და არც ცენტრალური ბანკის ფული, რომ სესხი გასცეს.

2. ამ ახლად შექმნილ ფულის მასას სჭირდება შესაბამისი ლიკვიდობით მხარდაჭერა. ა) რათა შესაბამისად დადგენილი პროპორციულობით, უზრუნველყოფილ იქნას ანგარიშიდან თანხის გაქეშების შესაძლებლობა, ბ) დაკმაყოფილებულ იქნას კომერციული ბანკებისთვის მოთხოვნილი მინიმალური სარეზერო მოთხოვნები. სწორედ ამის უზრუნველყოფა ხდება რეფინანსირების სესხებით, ხოლო მისი განაკვეთის ოდენობით ხდება სესხზე (ანუ ახლად შექმნილ ფულზე) მოთხოვნის "მადის" შეძლებისდაგვარად რეგულირება.

ალბათ ვხვდებით, რომ ახალი ფულის შექმნა ეკონომიკისგან/მთავრობისგან მომდინარე მოთხოვნის შესაბამისად ხდება და არა ცენტრალური ბანკის ნებასურვილის შესაბამისად. რეფინანსირების სესხები კი მეტი არაფერია, თუ არა ფინანსური სისტემის ადეკვატური ლიკვიდობით უზრუნველყოფა, სხვა შემთხვევაში არც ბანკომატში დაგვხვდებოდა ფული, როცა მისი გაქეშება მოგვინდებოდა და სესხის საპროცენტო კანაკვეთებიც იმაზე ბევრად მაღალი იქნებოდა, ვიდრე ახლაა.



როგორც ფოტოზე ხედავთ, ცენტრალური ბანკები ახალი ფულის შექმნის პროცესის ბოლოში დგანან და არა სათავეში, ისე როგორც ეს ზემოთხსენებულ ეკონომისტებს ჰგონიათ. ან შეიძლება ჩემზე ბევრად კარგად იციან ეს ამბავი, მაგრამ მომხრეების დაბოლების ცდუნებას ვერ უძლებენ. ზოგს ხომ კაცობრიობის მთავარ მტრად ცენტრალური ბანკები ყავს გამოყვანილი. თუ ოდესმე ვინმესგან გაიგონებთ იმას, რაც ამ პოსტის პირველ აბზაცში წერია, აუცილებლად დაინტერესდით, რამდენად ერკვევიან ფულის შექმნის პროცესში, შემთხვევით ხომ არ წარმოუდგენით, რომ ცენტრალური ბანკები კვირაში ერთხელ კომერციულ ბანკებს ჩამოუვლიან ხოლმე და ახლად დაბეჭდილ ტკიცინა ასლარიანებს ძალდატანებით უდებენ ანგარიშებზე“, - წერს ფინანსისტი ირაკლი ერაძე.