მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფაქტორების გამო გაიზარდა ფულის მასა? - ლაშა ქავთარაძის განმარტება

ლაშა ქავთარაძე

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს ეკონომიკაში არსებული ფულადი აგრეგატები რეკორდულ მაჩვენებლამდე არის გაზრდილი. დოკუმენტის მიხედვით, ნაღდი ფული მიმოქცევაში 5.5 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წლიურ ჭრილში 16%-ით არის გაზრდილი, ხოლო ფართო ფული - M2 22.4 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 31.5%-ით მეტია.

გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ ფულის მასის ზრდის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი ფაქტორი ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო შესყიდვებია, რადგანაც დოლარის ყიდვის სანაცვლოდ სებ-ი ბაზარზე ლარს ყიდის. მთლიანად 2023 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების შესავსებად 1.1 მილიარდი დოლარი შეისყიდა. 

“ლარის გაცვლით კურსზე მნიშვნელოვნად მოქმედებს საგარეო შემოდინებები და მოლოდინები, რომლებიც არსებობს. ვხედავთ, რომ გასული წლიდან მოყოლებული კურსი მყარდება და 2.61-ის ფარგლებშია დოლართან მიმართებით. მაღალია ისევე ფულადი გზავნილები, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და FDI და ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები. რატომ გაიზარდა ფულის მასა? - როდესაც დიდი მოცულობის ვალუტა შემოდის და სებ-ი ინტერვენციებს ახორციელებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ფულის მასის ზრდა, როდესაც ის უცხოურ ვალუტას ამოიღებს და ლარს უშვებს ეკონომიკაში. 1.1 მილიარდ დოლარამდე შეიძინა სებ-მა, აგვისტოს მონაცემი ჯერ კიდევ არ გვაქვს, თუმცა იქნება აქაც გარკვეული შესყიდვა. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ლარის კურსზე ფულის მასა არ მოქმედებს. ამაზე შეიძლება მაშინ ვიფიქროთ, როდესაც საგარეო შემოდინებები იქნება შემცირებული,”- განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, ფართო ფული შემდეგი კომპონენტებისგან შედგება - ნაღდი ფული, საბანკო სექტორში რეზიდენტი სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების ეროვნული ვალუტით დენომინირებული ვადიანი და შემნახველი დეპოზიტების ერთობლიობა, საბანკო და სამთავრობო სექტორების დეპოზიტების გარეშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები