მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ლარიზაციას 1,5 პროცენტული პუნქტით დააჩქარებს - ლაშა ქავთარაძე

ლარიზაცია

2024 წლიდან მსესხებლებისთვის ახალი რეგულაცია შემოდის. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, კიდევ უფრო გამკაცრდება სავალუტო კრედიტის აღება როგორც ბიზნესისთვის , ისე მოქალაქეებისთვის. კერძოდ, 200,000-ლარიანი ჭერი იზრდება 300,000 ლარამდე თუ სესხს ფიზიკური თუ იურიდიული პირი ბანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან სესხის გამცემ სუბიექტში აიღებს.

„ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელებაა“- ასე აფასებს Galt &Tagart-ის ეკონომისტი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გუშინ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას.

ლაშა ქავთარაძის თქმით, 200 000 ლარიანი ჭერის 300 000 ლარამდე გაზრდას 1,5 პროცენტული პუნქტით დადებითი გავლენა ექნება ლარიზაციაზე.

„100 000-დან 300 000 ლარამდე ზღვარის გაზრდის ეფექტი ლარიზაციაზე დადებითია, რადგან უშუალოდ ამ ცვლილებას თუ შევხედავთ დაახლოებით 1,5 პროცენტულ პუნქტამდე დადებითი გავლენა აქვს ლარიზაციაზე. ეს გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხება ფიზიკურ პირებს, ვისაც ბინის ყიდვა უნდათ, ასევე შეეხებათ მცირ და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს, მათი გარკვეული ნაწილი ამ საზღვრებში იღებდა სესხებს.

ეროვნულ ბანკს აქვს ამაზე შეფასება გაკეთებული, რომ 200 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება ასეთი ტიპის სესხები. თუ აქამდე 200 მლნ დოლარის სესხი შეიძლება გასულიყო, ახლა ის უნდა გავიდეს ლარში ანუ 600 მილიონ ლარამდე.

ახლა სესხების ლარიზაციის მაჩვენებელი დაახლოებით 41,6 პროცენტია და მოსალოდნელია ის დაუახლოვდეს მომავალ წელს 40%-ს, ან ჩამოცდეს კიდეც. მიუხედავად ამისა, სესხების დოლარიზაცია კვლავ მაღალ ნიშნულზეა, ჩვენ თუ შევხედავთ სხვა ტიპის ქვეყნებს, სადაც ნაკლებ რისკად მიიჩნევენ სესხების დოლარიზაციას, ეს 30%-ზე ნაკლებია, გრძელვადიან პერიოდში ჩვენც უნდა ველოდოთ, რომ სესხების და დეპოზიტების დოლარიზაცია თუ 30%-ზე ნაკლები იქნება, მაშინ ფინანსური სტაბილურობა ნაკლებ მოწყვლადი იქნება საგარეო რისკების მიმართ“,-აცხადებს ლაშა ქავთარაძე.

რაც შეეხება სებ-ის კიდევ ერთ გადაწყვეტილებას, სებ-მა სავალუტო სესხების აღებაზე რეგულაცია შეარბილა მათთვის, ვისაც დოლარში აქვს შემოსავალი. კერძოდ, იმ პირებს, რომელთა ჯამური სასესხო ვალდებულებები 300,000 ლარამდეა მომდევნო წლიდან ახალი სესხების აღება იმ ვალუტაში შეეძლებათ, რომელშიც შემოსავალს იღებენ.

ლაშა ქავთარაძის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, ვისაც შემოსავლები უცხოურ ვალუტაში აქვს.

„უმჯობესია მათ სესხი აიღონ უცხოურ ვალუტაში, რათა გაცვლითი კურსის ცვლილებისგან დაზღვეული იყვნენ. არიან ადამიანები, ვისაც უცხოურ ვალუტაში აქვთ შემოსავალი, მათ ურჩევნიათ უცხოურ ვალუტაში ჰქონდეთ სესხი და ზღვრებში არ იყოს მოქცეული, თუმცა ამას ლარიზაციაზე უარყოფითი გავლენა აქვს, რისი განეიტრალებაც 200 000 ლარიანი ზღვარის 300 000 ლარამდე გაზრდის ცვლილებით ხდება“,-განმარტავს ლაშა ქავთარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები