მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობზე მაღალი ფასის შენარჩუნების შემთხვევაში 2024 წლის ბოლოს ინფლაცია 4,4%-ს მიაღწევს - G&T-ის ეკონომისტი

ლაშა ქავთარაძე

ეროვნული ბანკის 2024-2026 წლების ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის ბოლომდე ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება. სების მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2023 წელს ინფლაცია საშუალოდ 2,4%-ის ფარგლებში იქნება. 2024 წელს კი, მეტწილად მიმდინარე წლის საბაზო ეფექტის ფონზე, მიზნობრივ დონეს დროებით გადააჭარბებს და შემდგომ მის გარშემო დასტაბილურდება.

ეროვნული ბანკი არ გამორიცხავს გლობალურ სასაქონლო ბაზრებისთვის დამახასიათებელი მაღალი მერყეობის გამო საერთაშორისო ფასების ზრდის შემთხვევაში ინფლაციური წნეხი კვლავ გაძლიერდეს. ამ მხრივ საყურადღებოა საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟებზე ნავთობზე ფასის ზრდის ტენდენცია.

ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც საინვესტიციო ბანკ G&T -მა მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი გაზარდა. ორგანიზაციის ეკონომისტი განმარტავს, რომ ტრანსპორტის კატეგორიას ინფლაციის საშუალო წლიურ მაჩვენებელზე 0,3 პროცენტიანი გავლენა ექნება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ფასები იზრდება, ეს გადმოეცემა ასევე ჩვენს ბაზარს, შესაბამისად თუ ადრე მაღალი უარყოფითი კონტრიბუცია შეჰქონდა ნავთობპროდუქტებს მთლიან ინფლაციაში, ახლა ეს შენელებულია, თუმცა მაინც უარყოფითი რჩება.

ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე ჩვენ გავზარდეთ ინფლაციის პროგნოზი 2,4%-დან 2,7%-მდე, ეს არის საშუალო წლიური ინფლაცია 2023 წლის, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო თვეებში ინფლაცია ოდნავ მაღალი იქნება, ვიდრე სექტემბერში[0,7%]. მიუხედავად ამისა ინფლაცია მიზნობრივზე მაინც დაბალია, რაც განპირობებულია იმით, რომ მიწოდების მხრიდან  ფაქტორები მნიშვნელოვნად არის შემსუბუქებული. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ აქ ტრანსპორტის კატეგორია და ჯანდაცვის კატეგორია, რომელთაც მაღალი უარყოფითი კონტრიბუცია შეაქვთ მთლიან ინფლაციის ფორმირებაში, ასევე აღსანიშნავია, საშინაო ინფლაციის შენელება. სექტემბერში საშინაო ინფლაცია 5,3%-მდე შენელდა, აგვისტოში იყო 6,1%, წლის დასაწყისში 14%-ზე მაღალი.

საშინაო ინფლაციის შენელება განპირობებულია იმით, რომ ეკონომიკური ზრდა შენელდა, ის დაუახლოვდა პოტენციურ დონეს და აქედან მომდინარე ზეწოლა ფასების დონეზე ნეიტრალდება, ამიტომ ველოდებით, რომ წლის ბოლომდე ეს ტენდენცია გაგრძელდება.

რაც შეეხება მიწოდების ფაქტორებს, ტრანსპორტის კატეგორიას ექნება ზეწოლა ფასების დონეზე და 0,3 პროცენტულ პუნქტიანი გავლენა ექნება მთლიან საშუალო წლიურ ინფლაციაზე.

რაც შეეხება მომავალი წლის პროგნოზებს, ჩვენ გადავხედეთ ზრდის მიმართულებით 2024 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზს და 3,1%-დან 3,5%-მდე გავზარდეთ, ეს არის მიზნობრივზე მაღალი, თუმცა არც ისე შორს, წლის პირველ ნახევარში ის ახლოს იქნება მიზნობრივ 3%-თან, ხოლო წლის მეორე ნახევარში ის 4%-ზე მაღალი იქნება.

2024 წლის დეკემბერში ველოდებით, რომ ინფლაცია 4,4%-ს მიაღწევს, ეს ძირითადად აიხსნება დაბალი ბაზით და ასევე აქ ჩვენ დაშვება გვაქვს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ფასები დარჩება მაღალი“,-განმარტავს ლაშა ქავთარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები