მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსისტი: უმჯობესი იქნებოდა, რეფინანსირების განაკვეთი ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირებულიყო და არა - ერთბაშად

ლარის კურსი

ფინანსისტი ირაკლი ერაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუკი ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ეტაპობრივად შეარბილებდა.

როგორც ფინანსისტმა BMG-ის განუცხადა, როგორც წესი, სავალუტო ბაზრის მონაწილეების ქცევაზე სებ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯები გავლენას ახდენს, შესაბამისად, არაა გამორიცხული, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება სწორედ რეფინანსირების განაკვეთის კლებას უკავშირდებოდეს.

„როდესაც ლარი უფასურდება, ეს იმას ნიშნავს, რომ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა გაზრდილია. შესაძლოა, ამ პროცესზე ირიბი გავლენა ჰქონოდა რეფინანსირების განაკვეთის კლებას, რადგან ამ დროს უფრო მეტი მოთხოვნა ჩნდება უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე. თუმცა არ მგონია, რომ ბაზრის რომელიმე მონაწილეს იმხელა მოცულობის ვალუტა ეყიდა, რომ ამას დიდი რყევები გამოეწვია. რეფინანსირების განაკვეთის კლებას ვემხრობი და დროულიც იყო, თუმცა შესაძლოა, უმჯობესი ყოფილიყო, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირებულიყო და არა ერთბაშად. ზოგადად, ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ყველა მკვეთრი ნაბიჯი ბაზრის მონაწილეებში, მოქალაქეებსა და ბიზნესში სენტიმენტებს იწვევს. შესაბამისად, თუკი მონეტარული პოლიტიკის შერბილება ორ ეტაპად გაიყოფოდა, ამას შესაძლოა, უფრო ნაკლები სენტიმენტური რყევები გამოეწვია როგორც სავალუტო ბაზარზე, ასევე კრედიტის მოთხოვნის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ერაძემ.

19 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.30 თეთრით გაუფასურდა და 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7128 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტის გაუფასურება რამდენიმე დღეა დაიწყო და 13 მარტის კურსთან შედარებით, ცვლილება უკვე 5 თეთრზე მეტია. ასევე 5 თეთრზე მეტადაა გაუფასურებული ლარი ევროსთან მიმართებით და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9529 ლარია.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 13 მარტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები