რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვება იმაზე მიანიშნებს, რომ ეროვნული ბანკი უპირატესობას მოკლევადიან ამოცანებს ანიჭებს - ასე აფასებს ფინანსისტი, ბიზნესის მრჩეველი ნიკოლ შურღაია სებ-ის გადაწყვეტილებას.
როგორც შურღაიამ BMG-ის განუცხადა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკს ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად სავალუტო რეზერვების გამოყენება ურჩევნია, თუმცა მისი შეფასებით, სებ-ი ნაკლებად ითვალისწინებს სამომავლო რისკებს.
„ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მაჩვენებს, რომ უპირატესობას ანიჭებენ ძალიან მოკლევადიან ამოცანებს, საშუალოვადიან და გრძელვადიან ამოცანებთან შედარებით. უფრო კონკრეტულად, თუ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩება, ეს ხელშემწყობია სესხების განაკვეთის შედარებით დაბალ დონეზე დასაჭერად. ამავე დროს, ლარზე არსებული ობიექტური წნეხის მოსაგერიებლად ისინი სავალუტო რეზერვების ხარჯვას გააგრძელებენ. შესაბამისად, რისკავენ, რომ რეზერვები ამოწურვამდე მიიყვანონ და შემდეგ მკვეთრი აფეთქება, ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა მოხდეს, ვიდრე წნეხი თანდათან შეამცირონ. ინფლაციის რისკები ჩვენ ახლო მომავალში არ გვაქვს, ეს რისკები დაგვიდგება, როდესაც ლარი მკვეთრად დასუსტდება. თუ ეს ასე მოხდება, მაშინ უკვე იმპორტირებული საქონლის გაძვირება ყველაფერს გადაეცემა. ესაა აფეთქების რისკი. ახლა ყველაფერი კარგად იყოს, როგორმე ეს ვითარება დაწყნარდეს და მერე რამეს იზამენ - ესაა ეროვნული ბანკის ქმედება“, - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ.
კითხვაზე, ხომ არ იქნებოდა უფრო მართებული, არსებული ვითარების გათვალისწინებით, რეფინანსირების განაკვეთი მცირედით გაზრდილიყო, ფინანსისტი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში ეკონომიკური აქტივობა შენელდებოდა, თუმცა გარკვეულწილად ლარზე წნეხი მოიხსნებოდა.
„ლოგიკურად ასეა, ორგანიზაცია რომელიც გრძელვადიან სიკეთეზე ფიქრობს, მცირედით საპროცენტო განაკვეთის აწევა შეამცირებდა ლარზე გარკვეულწილად ზეწოლას და ამით მომავალ აფეთქების რისკს შეამცირებდა. ვიდრე, ახლა მხოლოდ რეზერვებით დაიჭირო უცხოურ ვალუტაზე მაღალი მოთხოვნა და შემდეგ გარისკო, რომ შემდეგ ეს ყველაფერი აფეთქდეს. ვფიქრობ, სასწორის მეორე მხარეს განაკვეთის ზრდა იყო და ამით თანდათანობითი წნეხის შემცირება. ეს ეკონომიკურ აქტივობას ოდნავ შეამცირებდა, მაგრამ სამაგიეროდ მომავალ წნეხსაც აგვარიდებდა“, - აღნიშნა ნიკოლოზ შურღაიამ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.