ეროვნული და უცხოური ვალუტის სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის სპრედი მცირდება - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც სებ-ი აღნიშნავს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის შერბილების ფონზე, ლარის საპროცენტო განაკვეთებს კლებადი ტენდენცია აქვს და განაკვეთები შემცირებულია სამომხმარებლო, ბიზნეს და იპოთეკურ სესხებზე.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში რეფინანსირების განაკვეთის კლების ფონზე, ლარის ანაბრებზე განაკვეთები მცირედით შემცირებულია.
“2023 წლის მაისის შემდეგ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ჯამურად 3.0 პპ-ით შემცირდა და 8.0%-ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებასთან ერთად ეროვნული ვალუტით იპოთეკურ სესხებსა და იურიდიული პირის სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 2024 წლის მეორე კვარტალში, როგორც პირველში მცირდება. მიმდინარე წლის ივნისში 2023 წლის მაისთან შედარებით საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ვალუტის იპოთეკურ სესხებზე 1.2 პპ-ით შემცირდა. 2024 წელს ძლიერი გადაცემა რეფინანსირების განაკვეთს იურიდიული პირების ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზეც აქვს. ივნისში, საშუალო საპროცენტო განაკვეთი იურიდიულ პირებზე ადგილობრივი ვალუტით გაცემულ სესხებზე 2.1 პპ-ით შემცირდა, 2023 წლის მაისთან შედარებით და 11.8%-ს გაუტოლდა.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტის სესხებს გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების გამო, საქართველოშიც უცხოური ვალუტის საპროცენტო განაკვეთები 2023 წლის პირველ ნახევარში იზრდებოდა, თუმცა წლის ბოლოდან მცირდება. სპრედი ადგილობრივ და უცხოურ განაკვეთებს შორის შემცირებულია.
ამასთან, ივნისში, საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე მონეტარული პოლიტიკის შერბილების შემდეგ, პირველ კვარტალთან შედარებით 0.2 პპ-ით შემცირდა და 10.3% შეადგინა. საპირისპიროდ, საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე 2.4%-მდე გაიზარდა”, - ნათქვამია მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.
ცნობისთვის, 2024 წლის ივნისის მდგომარეობით, ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 14.5%-ს შეადგენდა, ხოლო უცხოური ვალუტის სესხებზე 8.8%-ს.