ლარი კვლავ გამყარებული რჩება და მთლიანობაში ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს - ასე აფასებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ეროვნული ვალუტის დღეს არსებულ მდგომარეობას.
ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ ის ამბობს, რომ ლარის გაცვლითმა კურსმა ბოლო პერიოდში ისტორიული გამყარება აჩვენა, რამაც ინფლაციაზე დადებითი გავლენა იქონია.
„რაც შეეხება ჩვენი ვალუტის კურსს, ეს მხოლოდ ჩვენი შეფასება არ არის და ამას ამბობს სავალუტო ფონდიც, ლარის გაცვლითმა კურსმა ისტორიული გამყარება აჩვენა, რამაც ინფლაციის შემცირებაში დიდი წვლილი შეიტანა. ლარი კვლავ გამყარებული რჩება და მოკლევადიან რყევებს, რომელიც ჩვენს ბაზარზეა დიდ ყურადღებას არ მივანიჭებ, რადგან ეს ყოველთვის შეიძლება მოხდეს, ჩვენი სავალუტო ბაზარი მცირეა და ეს რყევა შეიძლება ერთჯერადმა მსხვილმა ტრანზაქციებმა მოახდინოს. მთლიანობაში ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს, სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში კვლავაც ძლიერია, იქნება ეს ტურიზმი, თუ მომსახურების ექსპორტი თუ გზავნილი და ამ მხრივ დესტაბილიზაციას არ ველოდებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.