მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გადადეთ კანონპროექტის განხილვა" - 15 კლინიკა დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავს

5efb19cc78578
ინგა მურუსიძე
30.06.20 14:55
1306
კლინიკების ჯგუფი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს და მის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს თხოვნით მიმართავს, სამედიცინო რეგულირების კანონპროექტის მიღება კონსულტაციების გამართვამდე გადაიდოს.

ჯანადვის კომიტეტი საკითხს დღეს განიხილავს, თუმცა სავარაუდოდ კლინიკების წარმომადგენლების მოსმენა არ იგეგმება.

„ჩვენთვის სამწუხაროდ კვლავ გადაულახავ პრობლემად რჩება ჯანდაცვის სამინისტროს და სამედიცინო საზოგადოებას შორის კომუნიკაციის პრობლემა, რისი ნათელი დადასტურებაცაა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის სამედიცინო საზოგადოებასთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, დაჩქარებული წესით ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გამოტანა. ეს პრობლემა იყო 520 დადგენილების მიღებისას, ეს პრობლემა არის დღესაც და ვშიშობთ, რომ მან უკვე ტენდენციის სახე მიიღო.

ამ კანონპროექტის მიხედვით ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს დამკვეთსაც, მაკონტროლებელსაც და ცდილობს არბიტრის როლიც შეითავსოს - კონკრეტულად იგულისხმება სამედიცინო საქმიანობის შეჩერების უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია, რასაც ცალსახად დაეთანხმა ეკონომიკის და დარგობრივი კომიტეტი. აღნიშნული ქმნის საშიშროებას ჭარბი ძალაუფლება გამოყენებული იქნას შერჩევითად.

ბოლო 1 წელი დარგი იმყოფება არასტაბილურ, არაპროგნოზირებად გარემოში, რაც ხელს უშლის მის განვითარებას და შესაბამისად ჩვენთვის ყველაზე მთავარს, პაციენტის ინტერესს მიიღოს მაღალი ხარისხის სერვისი.

გთხოვთ, გადავადდეს კანონპროექტის განხილვა, სანამ არ მოხდება კონსულტაციები სამედიცინო საზოგადოებასთან, რათა კანონპროექტში დეტალურად იყოს გაწერილი აღსრულების მექანიზმები“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ:
„პინეო“, „თბილისის მედიცინის ინსტიტუტი“, „ჯოენი“, „ლჯ ქუთაისი“, „თბილისის გულის ცენტრი“, „ვივა-მედი“ (4 კლინიკაა), „ღია გული“, „ჯერარსი“, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკა, პსპ, „ჰელსიკორი“ და მედცენტრი „ბათუმი“.

საქმე იმაშია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონ-პროექტით, უწყება სასამართლოს განჩინების გარეშე კლინიკების შემოწმების უფლებას ითხოვდა, რაც სამედიცინო სექტორთან და ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად, არც ჯანდაცვის და არც დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა მოიწონეს. საბოლოოდ, გასულ კვირას რომან კაკულიას კომიტეტმა კანონ-პროექტს ორი დათქმით დაუჭირა მხარი - გადაწყდა, რომ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დაჩქარებული წესით არ მოხდებოდა და მეორე - სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის შეჩერება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი ტექნიკური რეგლამენტით აღმოჩენილი შეცდომა ადამიანის სიცოცხლეს ან ეპიდემილოგიური მდგომარეობის გაუარესებას ეხება. იმავე დღეს, 25 ივნისს პარლამენტში ეკატერინე ტიკარაძე მივიდა, მაგრამ ის არა - კლინიკების წარმომადგენლებს და ექიმებს, არამედ მხოლოდ დიმიტრი ხუნდაძეს შეხვდა და თან - სხვა თემაზე.
რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის პოზიციას, ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ სამინისტროს მიზანი კლინიკების დასჯა არაა.