მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოზარ სუბარისა და დიმიტრი ხუნდაძის მივლინება ტაილანდში ბიუჯეტს 19,938 ლარი დაუჯდა

643fb74554c4b
შოთა ტყეშელაშვილი
19.04.23 14:24
2949
აგენტების კანონპროექტების ავტორების, "ხალხის ძალის” ლიდერების, სოზარ სუბარისა და დიმიტრი ხუნდაძის მივლინება ტაილანდში სახელმწიფო ბიუჯეტს 19,938 ლარი დაუჯდა.

მივლინება ქალაქ ბანგკოკში 2022 წლის 7-11 ნოემბერს შედგა. გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ტაილანდს “ხალხის ძალის” და “ქართული ოცნების” 2-2 დეპუტატი სტუმრობდა. მათი ხარჯები ასე ნაწილდება:

• სოზარ სუბარი (ხალხის ძალა) - 9,969.02 ლარი;
• დიმიტრი ხუნდაძე (ხალხის ძალა) - 9,969.02 ლარი;
• გელა სამხარაული (ქართული ოცნება) - 9,969.02 ლარი;
• ირმა ზავრადაშვილი (ქართული ოცნება) - 9,969.02 ლარი.

შესაბამისად, პარლამენტართა ბანგკოკში მივლინება 39,876 ლარი დაჯდა.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ეს დეპუტატები ტაილანდთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრები არიან. მათ მიერ გამართული შეხვედრების სია ასეთია:

“ვიზიტის პერიოდში მეგობრობის ჯგუფმა შეხვედრები გამართა ტაილანდის სამეფოს საკანონმდებლო ორგანოში: საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფთან; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან; ტურიზმის კომიტეტთან; მიწის, ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის კომიტეტთან.

დიმიტრი ხუნდაძემ კოლეგას გაუზიარა ინიციატივა დაამეგობრონ ისტორიული ქალაქები მცხეთა და აიუატაია, რომლებსაც ბევრი რამ აქვთ საერთო, მათ შორის ორივე იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძელგებს შორის იკავებს ადგილს,”- ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე.

სრულად მივლინების ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს სოზარ სუბარი ასევე იმყოფებოდა უნგრეთში; ავსტრიასა და სომხეთში. მისი საგარეო მივლინებები საერთო ჯამში ბიუჯეტს 12,709 ლარი დაუჯდა. დიმიტრი ხუნდაძის საგარეო მივლინება კი მხოლოდ ტაილანდში იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები