მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გადავედით ნაწილობრივ დისტანციურ მუშაობაზე" - COVID-19-ის გავლენა "კულას" საწარმოზე

5e7b6dcea3d12
ვიქტორია მღებრიშვილი
25.03.20 23:15
2447
წარმოების პროცესი სრულად და შეუფერხებად მიმდინარეობს, - ამის შესახებ BM.GE-ის „გორის საკონსერვო ქარხნის“, იგივე კომპანია „კულას“ დირექტორმა ივანე გოგლიძემ განუცხადა.

მისი თქმით, COVID-19-მა მათ ბიზნესზეც იქონია გავლენა, თუმცა არა წარმოებაზე. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ ახალი დღის წესრიგზე გადასვლა მოუწიათ და ამ პროცესში გარკვეული სირთულეებიც შეექმნათ.

„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე გადავედით ნაწილობრივი დისტანციური მუშაობის მოდელზე, თუმცა წარმოების პროცესი სრულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს. ბიზნესი ახალი მოთხოვნისა და უსაფრთხოების წესების დაცვით ახალი დღის რეჟიმზე გადავაწყვეთ, ვცდილობთ საწარმოო ხაზებში 10 კაცზე მეტმა ადამიანმა არ იმუშავოს, რამაც გაზარდა სამუშაო დრო, თუმცა, ახალი პროდუქციის წარმოება ამას არ შეუფერხებია.

ამ პროცესში შეგვექმნა შემდეგი პრობლემები, კონკრეტულად კი ჩვენი დასაქმებულების ტრანსპორტირების საკითხი. კომპანიაში დაახლოებით 350 ადამიანამდეა დასაქმებული. მათი ნაწილი სატრანსპორტო შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ვეღარ ახერხებდა საწარმომდე მოსვლას, ამიტომ ჩვენ თავად უზრუნველვყოფთ მათ ტრანპოსტირებას დილით და საღამოს, რამაც გაზარდა ჩვენი ხარჯები ამ მიმართულებით. ხარჯები გაიზარდა ასევე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიმართულებითაც, რაც ვფიქრობ ჩვენი თანამაშრომლების დასაცავად უმნიშვნელოვანესია. რამდენად გაიზარდა კომპანიის ხარჯები ზუსტად თვის ბოლოს გვეცოდინება.

მეორე პრობლემა არის ის, რომ საწარმოში დამხმარე ტექნიკური ნაწილების აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ არსად შეგვიძლია მისი შეძენა, რადგან ყველაფერი დაკეტილია“, - აცხადებს ივანე გოგლიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები