რამდენიმე კვირის წინ გორის საკონსერვო ქარხანა „კულას“ ირგვლივ ხმაური იყო. საქმე ის არის, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა “კულას“ წვენის ფოტო, მუყაოს შეფუთვით, რომელსაც რუსული წარწერა აქვს: „Яблоко”. კომპანია ამის გამო საკმაო წნეხის ქვეშ მოექცა. მოგვიანებით, „კულამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ "კომპანია საერთაშორისოა და თითქმის ყველა ენაზე აქვს წარწერა". საკითხზე „კულას“ დამფუძნებელმა, ივანე გოგლიძემ BMGTV-ის გადაცემა „რედაქტ2“-ში კიდევ ერთხელ ისაუბრა.
- რატომ იყო "კულას" წვენზე რუსული წარწერა?
- პირველ რიგში ბოდიში მინდა მოვუხადო იმ ხალხს, ვინც გავანაწყენე, იქიდან გამომდინარე, რომ შეცდომაში შეიყვანეს ის ხალხი. ეს შეფუთვა გაკეთდა 2013 წელს. ის გაკეთდა უკრაინაში, ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მიერ. შეფუთვა გაკეთდა ყველა სტანდარტის დაცვით - წინა მხარეს ქართული წარწერა, გვერდით - ინგლისური, მეორე გვერდზე ანოტაციები და უკანა მხარეს ეწერა რუსულად „Яблоко“. ჩემი გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ არარეალური სურათი აჩვენეს. ეთქვათ მომხმარებლისთვის, რომ წარწერა არის როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენებზეც და ცუდი ხალხის, ოკუპანტების ენა მოვაშოროთ - ამას მივიღებდი. ვიტყოდი, კი ბატონო, ნუ იქნება ქართულის გვერდით რუსული წარწერა. მაგრამ ფოტო გადაუღეს მხოლოდ რუსულ წარწერას და ააგორეს კამპანია, თითქოს წვენი გამოვუშვით რუსული წარწერებით და ვამზადებდით რუსეთში გასატანად. ჩვენი გადასახედიდან, ეს იყო გაკეთებული იმისთვის, რომ ზედმეტი ქულები დაეწერათ.
იყო შემთხვევები, ჩემს თანამშრომლებს ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, დაწერეთ სოციალურ ქსელებში სტატუსები, რომ პროტესტის ნიშნად მოდიხართ „კულადანო“. ხან „ქოცობა“ დააბრალეს, ხან „ნაცობა“
- პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა მსჯელობა?
- კი. თუმცა ვამბობ, რომ ეს შეფუთვა არის, დღესაც გამოდის და ამოვიღებ აუცილებლად, თუმცა ჯერ არა. მე არანაირი კანონი არ დამირღვევია. იყო ერთ-ერთი შეფუთვა, რომელსაც ახატია საქართველოს რუკა და ინგლისურ წარწერაში სოხუმი, ერთი ასო იყო გაპარული რუსული. მე მეორე დღესვე ვუთხარი, რომ ეს შეფუთვა შესწორდეს და რაც ქსელშია, ამოიღეს.
- და რუსული Яблоко-ს წარწერით წვენები ისევ იყიდება?
- ეს წვენი ერთი ლიტრიც არ გამიგზავნია რუსეთში. ეს კარგად იციან და დაიწყეს ლაპარაკი, თითქოს საქართველოში ჩამოსული რუსებისთვის გავაკეთე, ახლა მაგას ამოვიღებთ, მაგრამ არა ატეხილი აჟიოტაჟის გამო.
- უხერხულობას არ ქმნის?
- ჩემთვის უკვე აღარ ქმნის, იმიტომ, რომ მივხვდი რაშიც იყო საქმე. ამას აკეთებდნენ იმიტომ, რომ ქართულ წარმოებაში ხინჯი შევიდეს. თორემ, რუსეთში წვენი საერთოდ არ გამიგზავნია, 2013 წელს, ეს შეფუთვა უკრაინაში დაიბეჭდა. ახლა დაინახეს? "კულა" 34 ქვეყანაში იყიდება, მათ შორის ბელარუსში, უკრაინაში.
- ქსელიდან აპირებთ რუსულ-წარწერიანი წვენის ამოღებას?
- ვაპირებთ, რადგან ეს უხერხულობას უქმნის ჩვენს მყიდველებს. არ გავჯიუტდები, ამოვიღებ, მაგრამ მაშინ, როცა ყველას დავარწმუნებ, რომ ეს იყო შავი პიარი, ქულების დაწერა. ისეთმა ხალხმა დაიწერა ქულები, რომ რთულია გაარკვიო რა გაუკეთებიათ ქვეყნისთვის.
- ვინ არიან ეს ადამიანები?
- არ მინდოდა ამაზე საუბარი. ყველამ თავის თავში იცის, ვინ არიან და რა გააკეთეს. ნამდვილად ბევრს ეგონა, რომ „კულამ“ სპეციალურად გააკეთა რუსული წარწერები, რომ იმათმა წაიკითხონ. ეს არასწორია. წვენს არც ვაგზავნი და არც ვაპირებ. რასაც ვგზავნი იმას არც ვმალავ. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ დეფიციტში ვარ, ხალხი გვწერს, რომ სპეციალურად ყიდულობს ჩვენს წვენს.
- ყიდულობენ იმიტომ, რომ მხარს გიჭერენ? ანუ, შავი, თუმცა პიარი უფრო გამოვიდა თქვენი? როგორც ამას განცხადებაში წერდით...
- კი. ადამიანები გვწერდნენ, რომ მართალი ვყოფილვართ და მიხვდნენ, რომ უკრაინაში მეტი კონტაქტები გვაქვს, ვიდრე რუსეთში. ზედმეტი ხომ არ მოგვივიდაო.
- იმოქმედა თანამშრომლებზე?
- არა, ხომ იციან თანამშრომლებმა ჩვენი პოლიტიკა? რუსებს არც ვუშვებთ საწარმოში. მოსალაპარაკებლად ხშირად არის მსურველი, თუმცა არც კი ვუშვებთ. უცხოელებისთვის იმ წუთშივე შემიძლია გამოვნახო დრო და შევხვდე, რუსებთან ასე არ ვიქცევით. ჩვენი პირველი ბაზარი იყო ევროპა, ამერიკა, როცა რუსული ბაზარი გაიხსნა შევიტანეთ მხოლოდ აჯიკები, ტყემლები, საწებლები.