მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ღამის კლუბში ღონისძიების დაგეგმვისთვის 6 ფიზიკური პირი დაჯარიმდა" - ბექა ფერაძე

6062ef1ca5eb1
ინგა მურუსიძე
30.03.21 13:46
948
"ღამის კლუბში სოციალური ღონისძიების დაგეგმვისთვის 6 ფიზიკური პირი დაჯარიმდა", -  ინფორმაცია შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააჟღერა. 

მისი თქმით, 26-29 მარტის პერიოდში შრომის ინსპექციამ განახორციელა 382 ობიექტის ინსპექტირება, მათ შორის 316 ობიექტზე პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, გაფრთხილება გაიცა.

ბექა ფერაძის ინფორმაციით, "შრომის ინსპექცია ჩართული იყო 28 მარტს საფეხბურთო მატჩზე ნაკადების მართვაშიც, რომელიც წარმატებით განხორციელდა მიუხედავად მისი მასშტაბისა".

„10 ობიექტზე შემოწმება განხორციელდა კითხვარის საშუალებით და 50 ობიექტი გადამოწმდა 21:00 საათის შემდგომ, "კომენდანტის საათის" დროს რამდენად ასრულებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს და დადგინდა, რომ მოთხოვნები სრულად იყო დაცული.

27-28 მარტს განვახორციელეთ მონიტორინგი და ღამის კლუბის ღონისძიების ორგანიზებისთვის მოგვიწია 6 ფიზიკური პირის დაჯარიმება, ერთ-ერთ მათგანზე განმეორებითი დარღვევისთვის ოფიციალურად მივმართეთ კრიმინალურ პოლიციას შემდგომი რეაგირებისთვის.

რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, 2020 წლის 28 ნოემბრიდან, როცა შეზღუდვები დაწესდა, ჯამში, 58 215 ინსპექტირება განვახორციელეთ. საქმიანობა შეუჩერდა 6 212 ობიექტს, რეკომენდაციის აღსრულებაზე კითხვარის მეშვეობით შემოწმდა 1000-მდე ობიექტი და განმეორებითი ინსპექტირება განხორციელდა 16 900 ობიექტზე - ისინი ყველა პროტოკოლს ასრულებენ“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისივე თქმით, მონიტორინგის ჯგუფები პრევენციულ ღონისძიებებზე ზედამხედველობას გაამკაცრებენ.