მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაუგებარია, სტრატეგიაზე დღეს საუბარი, როცა აეროპორტები უკვე გავაფართოვეთ” - იგორ აფციაური

627a5821e04f4
ანუკა ჯოხაძე
10.05.22 23:17
3272
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს მასტაბით არსებული აეროპორტების განვითარების სტრატეგიის შექმნაზე საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა დაიწყო. დოკუმენტის შექმნაში საფინანსო ინსტიტუტი 225 000 დოლარს იხდის.

ტენდერის აღწერაში ვკითხულობთ, რომ სტრატეგიის ფარგლებში შეფასდება ქვეყანაში არსებული როგორც საერთაშორისო, ისე შიდა აეროპორტების შესაძლებლობები, სამომავლო დატვირთულობის პროგნოზები და დაიდება სხვადასხვა სცენარები, რომლის მიხედვითაც აეროპორტები უნდა განვითარდეს.

ავიაციის ექსპერტი იგორ აფციაური აცხადებს, რომ სტრატეგიის დღეს შექმნა, დროში აცდენილია, რადგან გასულ წელს საქართველოს მასშტაბით არსებული აეროპორტები უკვე გაფართოვდა. მისი განმარტებით, ამ კუთხით პოლიტიკა არათანმიმდევრული იყო.

“დღეს იმაზე საუბარი, რომ ხომ არ სჯობს რომელიმე აეროპორტის სხვაგან გადატანა ან ახალი აეროპორტის შექმნა მაშინ, როცა პანდემიის დროს სამივე აეროპორტი გავაფართოვეთ და მასზე შესაბამისი ინვესტიცია უკვე დაიხარჯა, გაუგებარია. თბილისის გარდა ორივე ახალი აეროპორტია - ქუთაისიც და ბათუმიც. როცა ახალ აეროპორტს ხსნი და გრძელვადიან გათვლას აკეთებ, ცოტა გაუგებარია მუდმივად ლაპარაკი სხვადასხვა აეროპორტის გადატანა/გადმოტანაზე. ჩემი აზრით, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ ჩვენ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით არამხოლოდ აეროპორტების განვითარების სტრატეგია შეგვემუშავებინა, არამედ მთლიანად მათი დახმარებით, შექმნილიყო ავიაციის ერთიანი სტრატეგია, რომელიც აეროპორტების და ავიაკომპანიების გარდა, კიდევ 16 დარგს აერთიანებს, რომელიც დღესაც მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშეა", - აცხადებს ავიაციის ექსპერტი იგორ აფციაური.

ცნობისთვის, ADB-ის დაფინანსებით ქვეყანაში არსებული აეროპორტების განვითარების სტრატეგიაზე გამოცხადებული ტენდერის აღწერაში ასევე ვკითხულობთ, რომ დოკუმენტში მსჯელობა იქნება აეროპორტების მართვისა და მენეჯმენტის საკითხებზეც. მათი ინფორმაციით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თბილისსა და ბათუმის აეროპორტების მართვის ნებართვას ვადა 2027 წელს ეწურება.