მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გეფერინის" პროდუქცია ჩინურ პლატფორმებზე გაიყიდება

61ee973f328a4
მარიამ იზორია
24.01.22 22:20
1101
ჩანთების, ფეხსაცმლებისა და სხვადასხვა აქსესუარის მწარმოებელი ქართული ბრენდი “გეფერინი” ჩინეთში ექსპორტისთვის ემზადება.

კომპანიამ ჩინურ მხარესთან სამწლიანი მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა და მიმდინარე წლის აპრილიდან ბრენდის პროდუქცია ჩინეთის ორ უმსხვილეს პლატფორმაზე “Taobao”-სა და “Tmall”-ზე განთავსდება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ილია გეფერიძე bm.ge-სთან აცხადებს, გეფერინის საწყობი ჰონკონგში განთავსდება და პროდუქტის მიწოდება სწორედ ამ ბაზიდან მოხდება.

მისივე თქმით, “გეფერინი” წარმადობის გაზრდასაც გეგმავს, რათა ჩინეთის მასშტაბური ბაზარი მაქსიმალურად აითვისონ.

“ჩინეთში სამწლიანი მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დასრულდა. აპრილიდან უკვე Taobao-სა და Tmall-ზე გამოვჩნდებით. განსაკუთრებით სასიხარულო Tmall პლატფორმაა, რადგან აქ მხოლოდ სავაჭრო ნიშნის ქვეშ არსებული ბრენდები იყიდება და ეს პლატფორმა ყველა ბრენდისთვის ხელმისაწვდომი არ არის” - განმარტვას ილია გეფერიძე.

ბრენდის დამფუძნებელი 2021 წელს აფასებს და აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის გასული წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. “გეფერინმა” მოახერხა და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვებით 2019-2020 წლების ნიშნულსაც გადაუსწრო. ამასთან, პანდემიის გამო შეჩერებული ექსპორტიც განაახლა და რამდენიმე ქვეყანაში 2019 წელზე უკეთესი შედეგიც მიიღო.

“ექსპორტზე 11 ქვეყანაში გავდიოდით, 2020 წელს კი პანდემიამ შეგვაფერხა. საბედნიეროდ, 2021 წელს ექსპორტის მიმართულება აღვადგინეთ და ზოგიერთმა ქვეყანამ უკეთესი შედეგებიც აჩვენა. რაც შეეხება 2022 წელს, ჩინეთზე დიდი მოლოდინი გვაქვს, ამას გარდა ექსპორტის მიმართულებას კიდევ უფრო გავაძლიერებთ” - ამბობს ის.

ინფორმაციისთვის, კომპანია “გეფერინი” საქართველოს მასშტაბით ოთხ მაღაზიას, სამს თბილისში, ერთს კი ბათუმში ფლობს და მიმდინარე წელს რიგით მეხუთე ფილიალსაც გახსნის.

ქართული ბრენდის ნაწარმი გარდა ადგილობრივი ბაზრისა 11 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, საფრანგეთში, შვედეთში, შვეიცარიაში, ყაზახეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ქუეითში, სინგაპურსა და ჰონ კონგში იყიდება.