მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გლენბერი" ახალ საწარმოს მოაწყობს და პროდუქტს რამდენიმე ქვეყანაში გაიტანს – ინვესტიცია 15 მლნ–ია

6262b97f3441f
მარიამ იზორია
23.04.22 16:15
1207
გაყინული ხილ-ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანიის „გლენბერის“ დამფუძნებელი 15 მილიონი ლარის ინვესტიციით თბილისთან ახლოს საწარმოს მოაწყობს. კომპანიის ხელმძღვანელი რაფაელ მაღალაშვილი ერთ-ერთ უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობას იწყებს, რომელიც თვეში 60 კონტეინერ გაყინულ ბოსტნეულს, მათ შორის, კარტოფილს, ხახვს, ჭარხალს, ნიორს შეისყიდის.

როგორც "გლენბერის" დამფუძნებელი bm.ge-სთან აცხადებს, პროექტში გარკვეულ თანხას თავად დებს, ნაწილს კი სახელმწიფოს გარანტიით ბანკებიდან იზიდავს. რომელ საერთაშორისო კომპანიასთან იწყებს პარტნიორობას ქართული "გლენბერი" და რომელ ქვეყნებს მიეწოდებათ აქ წარმოებული პროდუქცია, რაფაელ მაღალაშვილი არ ამხელს.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 25 მილიონამდე გაიზარდოს. 

“ახალი ფაბრიკისთვის ტერიტორია უკვე შევიძინე. აქ ფერმერების მიერ მოყვანილ სხვადასხვა ბოსტნეულს გადავამუშავებთ და შემდგომ სხვადასხვა ქვეყანას გაყინული პროდუქტით მოვამარაგებთ. მათ შორის, ერთ-ერთ მსხვილ კომპანიასთან ხელშეკრულება გავაფორმე, რომლის მიხედვითაც თვეში 60 კონტეინერი უნდა მივაწოდო. უფრო კონკრეტულად ფაბრიკის ამოქმედების შემდეგ ამ ბაზარზე გაყინული სახით წელიწადში 10 000 ტონა კარტოფილი, 5 000 ტონა ხახვი, 2 000 ტონა ჭარხალი და 1500 ტონა ნიორი გავა. ეს თანამშრომლობა კომპანიას სერიოზულ ბრუნვას შეუქმნის და ვფიქრობ, ამ ინვესტიციის ამოღებას დაახლოებით 2 წელიწადში შევძლებთ” - აცხადებს რაფაელ მაღალაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მაღალაშვილის თქმით, ფაბრიკაში საწყისად 100 ადამიანი დასაქმდება. გარდა ამისა, "გლენბერის" დამფუძნებელი იმ ფერმერებს, რომლებიც მიწებს ფლობენ ბოსტნეულის თესლით მოამარაგებს და შემდგომ პროდუქტს მათგან შეისყიდის.