მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში სანქციების დაწესება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია"

62385cc776f4d
სალომე მეცხვარიშვილი
21.03.22 16:10
964
ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში სანქციების დაწესება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია,- ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა “საქმის კურსის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებთან შეერთება საქართველოს ისედაც მცირე ეკონომიკის მძიმე მდგომარეობას უფრო დაამძიმებს.

“როცა ქვეყანა სანქციებს უწესებს ვინმეს, ამან უნდა მოახდინოს გავლენა ამ ეკონომიკაზეც. მაშინ, როცა საქართველოს ეკონომიკა ძალიან მცირეა რუსეთის ეკონომიკასთან შედარებით, ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩვენი მოსახლეობისთვის სანქციების დაწესება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია”,- აცხადებს დავით სონღულაშვილი.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა პრობლემები შექმნა არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში და მთელს მსოფლიოში.

სონღულაშვილის განმარტებით, მიწოდების ჯაჭვებში შექმნილმა შეფერხებებმა გააძვირა საკვები და სხვა პროდუქტები.

“რუსეთ-უკრაინის ომი ასევე აისახება როგორც ექსპორტზე, ტურიზმის აღდგენის ტემპზე - როგორც გახსოვთ, სწრაფად მიდიოდა ტურიზმის აღდგენის ტემპი საქართველოში და ეს ერთ-ერთი მსხვილი სექტორია ჩვენი ეკონომიკისთვის; აგრეთვე აისახება ფულად გზავნილებზე, რადგან რუსეთიდან და უკრაინიდან საკმაოდ დიდი შემოდინება იყო საქართველოში”,- აცხადებს კომიტეტის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, გასულ კვირას გერმანიის ელჩმა საქართველოში შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ “ევროკავშირი იწვევს ასოცირებულ პარტნიორებს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან შესაერთებლად; რა უნდა იყოს და რა შეიძლება იყოს ეს უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებით, განხილვის საგანია, რომელიც გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. ვფიქრობ, ამ დისკუსიას ექნება წინსვლა და მომავალ დღეებში გამოიღებს შედეგს. ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია”.