მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან ბეიქერსს" წელს ორჯერ მოუწია ფასების გადახედვა - მიზეზი ლარის კურსია

6058d780a0f8a
თამთა ჯიჯავაძე
23.03.21 00:30
771
წლის დასაწყისიდან ორჯერ მოგვიწია ფასების გადახედვა, - ამის შესახებ „კორჯიან ბეიქერსის“ დირექტორმა და თანადამფუძნებელმა მიხეილ ფარულავამ გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა. მისი თქმით, ლარის კურსის ცვლილება აისახება როგორც ადგილობრივ მწარმოებლებზე, ასევე იმპორტიორებზე, „ჯორჯიან ბეიქერსს“ კი ეს ორივე კომპონენტი ეხება.

მიხეილ ფარულავას თქმით, მათი კომპანიის შემთხვევაში ფასების ზრდა 8%-დან 12%-მდე მერყეობს.

„ფასების მატება საბოლოო ჯამში რეალიზაციის კლებას იწვევს. ყველა კომპანიის ამოცანაა, რომ იყოს რენტაბელური. შესაბამისად მოცულობის კლების ხარჯზე, რენტაბელობას ვინარჩუნებთ. მოცულობის კლება კი პირდაპირ აისახება სამუშაო ადგილებზე. ჩვენ ცვლების კუთხით ისე გადავანაწილეთ თანამშრომლები, რომ ხალხი არ გაგვეშვა, თუმცა, კომენდანტის საათი გვაფერხებს, ვინაიდან ჩვენი საწარმოო ხაზი ცვლებზეა გათვლილი“, - განაცხადა მიხეილ ფარულავამ.

კითხვაზე თუ როგორი უნდა იყოს ეროვნული ბანკის რეაქცია ლარის კურსთან მიმართებით, „ჯორჯიან ბეიქერსის“ დირექტორმა აღნიშნა, ინტერვენცია მხოლოდ ერთი მიმართულებით შედეგს არ იძლევა.

„მთავარი პრობლემა არის ინვესტიციების არარსებობა, იმპორტის მოზღვავებული და ჭარბი ოდენობა ადგილობრივ წარმოებასთან შედარებით, ვინაიდან ჩვენ არაფრის ისეთის ექსპორტს არ ვახორციელებთ. გარდა ამისა, ძირითადი მოთამაშეები აკეთებენ მარაგების შესყიდვას, მაგალითად, სხვადასხვა დიდი ინდუსტრიები იქნება ეს ფარმაცია, საწვავი თუ სხვა, რომელთაც კონტრაქტები დოლარში აქვთ, მაგრამ ამ დოლარის მიღმა არის კიდევ სხვა ვალუტები, ლირა იქნება თუ რუბლი, რომელშიც ასევე ხდება ტრანზაქციები, და რომელთაც არავინ ყურადღებას არ აქცევს, ამიტომ ინტერვენცია მხოლოდ ერთი მიმართულებით არ გვაძლევს იმის შედეგს, რაც უნდა მივიღოთ ფასების სტაბილიზაციის კუთხით“.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი დოლარი გაყიდა. ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ამ ინტერვენციის ფონზე ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.27 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ღირებულება 3.3299 ლარი გახდა.