08.აგვისტო .2022 18:32

"ჯორჯიან ეარვეისის" რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება გადაიდო

"ჯორჯიან ეარვეისის" რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება გადაიდო
views 802
უკან

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება ამჯერად სექტემბრამდე გადაიდო. ამის შესახებ BMG-ის სასამართლოს მიერ დანიშნულმა რეაბილიტაციის პროცესის ზედამხედველმა ნატალია პაპუაშვილმა განუცხადა.

“რეაბილიტაციის გეგმა 29 ივლისს უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა კრედიტორების გადაწყვეტილებით ეს ვადა 29 სექტემბრამდე გაგრძელდა. კრედიტორთა კრება იქნა მოწვეული და ვადამ სამი თვით გადაიწია. ამ ეტაპზე კომპანიამ რეაბილიტაციის გეგმაზე მუშაობა ფაქტობრივად დაასრულა და ახლა თავად კრედიტორებთან თანამშრომლობის პროცესში ვართ. 29 სექტემებერი ის საბოლოო პერიოდია, როცა ეს გეგმა უნდა დამტკიცდეს. ამ დროისთვის ან გეგმა უნდა გვქონდეს დამტკიცენული, ან კომპანიას გაკოტრების რეჟიმზე გადავიყვანთ. მე, როგორც ზედამხედველს რა ინფორმაციაც მაქვს, რადგან ფინანსებზე კომპანია მაწვდის ინფორმაციას, "ჯორჯიან ეარვეისი" მოგებაზეა და მიმდინარე ვალდებულებებიც ჩვეულებრივ სრულდება. ეს ინფორმაცია აქვს კრედიტორებსაც. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია კრედიტორებზე და იმაზე რამდენად დაეთანხმებიან ისინი კომპანიის წარმოდგენილ გეგმას”, - აცხადებს ნატალია პაპუაშვილი.

მისივე თქმით, თუ კრედიტორები "ჯორჯიან ეარვეისის" რეაბილიტაციის გეგმას დაამტკიცებს, ამის შემდეგ კომპანიაში რებილიტაციის რეჟიმი წყდება და ის დამტკიცებული გეგმის მიხედვით აგრძელებს ოპერირებას. კითხვაზე რა ვადით შეიძლება დამტკიცდეს ეს გეგმა სახელმწიფოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ კანონი იძლევა იმის საშუალებას რომ ეს გეგმა რამდემინე წელზეც შეიძლება გაიწეროს.

ცნობისთვის: "ჯორჯიან ეარვეისმა" გაკოტრება-რეაბილიტაციის პროცესი გასული წლის ბოლოს დაიწყო. საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ განაცხადს წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება უძღვოდა, საიდანაც ირკვევა, რომ ავიაკომპანიას 175 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, მისი აქტივების ღირებულება კი მხოლოდ 21.4 მილიონი ლარია.

კანონის თანახმად, რეაბილიტაციის მოთხოვნის შემთხვევაში განცხადებას რეაბილიტაციის გეგმის პროექტი უნდა დაერთოს. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას კრედიტორები განსაზღვრავენ, თუმცა კანონის მიხედვით, 60 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. ვადა შესაძლოა კრედიტორების გადაწყვეტილებით გახანგრძლივდეს, რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებას კი კრედიტორთა კრება ზედამხედველობს. რეაბილიტაციის პროცესი რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებისთანავე დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა