მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან მანგანეზს" ახალი სპეციალური მმართველი ჰყავს

646772900db1b
შოთა ტყეშელაშვილი
19.05.23 17:06
2162
საქართველოში ფეროშენადნობების უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიაში - “ჯორჯიან მანგანეზში” სპეციალური მართვის რეჟიმი, რაც 2017 წლიდან იყო ძალაში, კიდევ 2 წლით გახანგრძლივდა. შესაბამისი განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ამასთან, შეიცვალა კომპანიის სპეციალური მმართველი. ნიკოლოზ ჩიქოვანი ამ პოსტზე ბესიკ კირთაძემ ჩაანაცვლა. 

"სასამართლოს განჩინებით, კომპანიის სპეციალურ მმართველად ბესიკ კირთაძე დაინიშნა, რომელსაც უფლებამოსილება 2025 წლის 9 მაისამდე განესაზღვრა. ბესიკ კირთაძემ აღნიშნულ პოსტზე, ნიკოლოზ ჩიქოვანი შეცვალა, რომელმაც სპეციალური მმართველის პოზიცია პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ნიკოლოზ ჩიქოვანი აღნიშნულ თანამდებობას მას შემდეგ იკავებდა, რაც 2017 წელს კომპანიაში სპეციალური მართვის რეჟიმი ამოქმედდა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და მინერალური რესურსების სააგენტოს შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა და სალიცენზიო/სანებართვო პირობების სრულყოფილად შესრულების მიზნით ახალი 2 წლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

ამასთან, სასამართლომ 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმა არსებითად შესრულებულად სცნო, თუმცა ახალი გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია შუამდგომლობის დაკმაყოფილება, იმისათვის რომ ამომწურავად და ეფექტიანად განხორციელდეს სპეციალური მართვის რეჟიმის დაწესების თავდაპირველი მიზანი. ბესიკ კირთაძეს კერძო და საჯარო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და განათლებით სამართალმცოდნეა", - ნათქვამია მანგანეზის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

სასამართლოს განჩინებით, სპეციალურ მმართველს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა აქვს დავალებული.

“ჯორჯიან მანგანეზი” საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია რამდენიმე ძირითად ობიექტს აერთიანებს, მათ შორისაა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც კომპანიის საბოლოო პროდუქტებს, ფერომანგანუმს აწარმოებს. ჯგუფის შემადგენლობაში შედის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი და ვარციხეჰესი, რომლის მიერ გამომუშავებული ენერგიითაც პროდუქციის მოპოვება და წარმოება ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები