12.მარტი .2020 16:47

"კავკასუს ონლაინი" 270 000 ლარით დაჯარიმდა – კომუნიკაციების კომისია

views 426
უკან

კომუნიკაციების კომისიამ "კავკასუს ონლაინი" ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კვლავ დააჯარიმა და 270 000 ლარი დააკისრა. საქმე კომპანიის წილის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებას ეხება.

კომუნიკაციების კომისიამ "კავკასუს ონლაინს" წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება 17 ოქტომბერს დააკისრა, თუმცა კომპანიას აღნიშნული ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია, რის გამოც, "კავკასუს ონლაინი" უკვე მეოთხედ დაჯარიმდა.

"იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი 1 მაისამდე აღნიშნულ ვალდებულებას კვლავ არ შეასრულებს, დღის წესრიგში შესაძლოა, კომპანიის ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს.

თანხმობის გარეშე „კავკასუს ონლაინის“ წილის გასხვისების გამო, კომისიამ ავტორიზებული პირი სამართალდამრღვევად პირველად 17 ოქტომბერს ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, "კავკასუს ონლაინი" 12 დეკემბერს 30 ათასი ლარით დაჯარიმდა, ხოლო სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, 6 თებერვალს კომისიამ კომპანიას ჯარიმის სახით 90 000 ლარი დააკისრა. სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად და წილის გასხვისებამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნების ვადა "კავკასუს ონლაინს" 22 თებერვლამდე ჰქონდათ, თუმცა მისი მხრიდან ვალდებულება ამჯერადაც არ შესრულებულა.

"ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი, ან დენადი ხასიათის დარღვევის გამო, კომპანიას ფულადი ჯარიმა ეკისრება. შესაბამისად, 12 მარტს გამართულ სხდომაზე, კომუნიკაციების კომისიამ "კავკასუს ონლაინი" 270 000 ლარით დააჯარიმა", – ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა