მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" მარტიდან წყალი "მთის" აზერბაიჯანში ექსპორტს გეგმავს

61ee99d178d04
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.22 09:40
2061
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ წყალი "მთის“ აზერბაიჯანის ბაზარზე შეტანას და Bon Aqua-ს ჩანაცლებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ BM.GE-სთან საუბარისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ აზერბაიჯანში „კოკა-კოლას“ ქარხანასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვის წლიურად 15 მლნ ბოთლ Bon Aqua-ს აწარმოებს. თემურ ჭყონიამ ისიც აღნიშნა, რომ Bon Aqua-ს ქართული ბაზრისთვის, წყალი "მთის“ წარმოების დაწყებამდე, თავადაც აწარმოებდა.

ბიზნესმენის ინფორმაციით, აზერბაიჯანში  "წყალი მთის" შეტანის მოცულობებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ეს მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს, თუმცა თემურ ჭყონია ამბობს, რომ მარტიდან „მთის" წყალი აზერბაიჯანში დახლებზე გამოჩნდება.

„აზერბაიჯანში წყლის წარმოება ძალიან სუსტია, რადგან ეს ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა უფროა. აზერბაიჯანში კოკა-კოლას მწარმოებელთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რათა ჩვენი წყალი წაიღონ. აზერბაიჯანში კოკა-კოლას ქარხანაში, წყლის წარმოებისას Bon Aqua-ს რეცეპტურა გამოიყენება, რა დროსაც წყალში სპეციალური მინერალები შეჰყავთ. შედეგად აზერბაიჯანის „კოკა-კოლა“ ქვეყანაში 15 მლნ ბოთლ Bon Aqua-ს ყიდის. ჩვენი წყალი "მთის" Bon Aqua-ს 15 მლნ ბოთლის ჩანაცვლება გვინდა. ეს მარტივი საკითხი არ არის, რადგან დიდი თანხებია ამაში დახარჯული, მომხმარებელიც მიჩვეულია ამ წყალს და რთული პროცესებია გასავლელი. ჩვენი მარკეტინგული ჯგუფი აზერბაიჯანის „კოკა-კოლასთან“ ინტენსიურად მუშაობს, ვფიქრობ, მარტის ბოლოდან უკვე დავიწყებთ წყალი "მთის" აზერბაიჯანში გატანას და თებერვლის შემდეგ, გაზაფხულიდან შუშის ბოთლში წარმოებული 0.75 მილიგრამიანი  შეფუთვით წყალი "მთის" აზერბაიჯანში შევა. ფასზე ჩამოყალიბებული არ ვართ. აზერბაიჯანში კოკა-კოლას შუშის წარმოება არ არის, ამიტომ ჯერ ამ საკითხზე ვმუშაობთ. ეს გრძელვადიანი ბიზნესია და ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

აღსანიშნია, რომ 2022 წელს „მთის" წყლის ექსპორტი როგორც აზერბაიჯანის, ასევე ყაზახეთის მიმართულებით იგეგმებოდა, თუმცა საექსპორტო ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა მოლაპარაკებები შეაფერხა. თემურ ჭყონია საექსპორტო ბაზრების გაფართოებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აზერბაიჯანში წყალი "მთის" შეტანა „კოკა-კოლას“ ადგილობრივ მწარმოებელთან პარტნიორობით, სხვა ქვეყნებში მოქმედ „კოკა-კოლას“ ქარხნებისთვის კარგი მაგალითი იქნება.

„ჯობია აზერბაიჯანში მოლაპარაკება ბოლომდე მივიყვანოთ, რადგან ეს კოკა-კოლის სხვა მწარმოებლებისთვის იქნება მაგალითი, რომ ჩვენს წყალზე გადმოვიდნენ. ჩვენ არ ვეძებთ წყლის დილერს, ჩვენი ურთიერთობები კოკა-კოლის ქარხნებთან არის დაკავშირებული. თუ სწორად გავთვლით ფასს, მის რეალიზაციას ყველა მოინდომებს“, - უთხრა BM.GE-ის ჭყონიამ.

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის წყლის ბაზარი მასშტაბურია და წლიურად რეალიზებული 15 მლნ ბოთლი Bon Aqua მოთხოვნის მხოლოდ 10-15%-ს შეადგენს. ამიტომ ახალ საექსპორტო ბაზარზე წყალზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ 2022 წელს წყალი "მთის" საწარმოო მოცულობების გაზრდას გეგმავს, რისთვისაც 21 მლნ ლარს დახარჯავს.