მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომუნიკაციების კომისიისგან ჩვენს კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ" - "კავკასუს ონლაინი"

5f7717fa89e1e
ინგა მურუსიძე
02.10.20 16:22
1328
მას შემდეგ, რაც "კავკასუს ონლაინმა" არ შეასრულა კომუნიკაციების კომისიის დავალება, საწყის მდგომარეობაში დაებრუნებინა კომპანიის წილები, რომელიც 2019 წელს გაიყიდა აზერბაიჯანულ "ნექსოლ ჰოლდინგზე", მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, „კავკასუს ონლაინს“ სპეციალური მმართველი ჰყავს. "ოუფენ ნეტის" დირექტორი მარიამ სულაბერიძე კომისიის მიერ უმაღლესი უფლებებით აღიჭურვა. მას შეეძლება კომპანიაში დანიშნოს ან გაათავისუფლოს „კავკასუს ონლაინის“ დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და კომპანიის თანამშრომლები.

მმართველი უფლებამოსილია ასევე, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში „კავკასუს ონლაინის“ მიერ განხორციელებული ქმედება, ან დადებული გარიგება და მისი ბათილობა მოითხოვოს, თუ აღნიშნული ქმედების შედეგად ზიანი მიადგა ან ადგება მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.

კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი, „ნექსოლ ჰოლდინგი“ მარეგულირებლის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი, რევაზ კოპალაძე ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისიის გუშინდელ სხდომაზე „კავკასუს ონლაინის“ არც ერთ კითხვას პასუხი არ გაეცა. მან აღნიშნულ საკითხზე BMG-ს გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში ისაუბრა:

„გუშინდელ სხდომაზე არც ერთ ჩვენს სამართლიან და ლეგიტიმურ კითხვაზე არ იქნა სამართლიანი პასუხი გაცემული მაშინ, როცა ჩვენ გვქონდა ლეგიტიმური უფლება გაგვეგო თუნდაც ის, თუ როგორ აპირებს კომუნიკაციების კომისია რეტროსპექტიულად შეიყვანოს კანონი ძალაში იმ დარღვევაში, რომელიც დროში უსწრებს კანონის მიღებას. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება კომპანიის წილობრივი მონაწილეობის პირველად მდგომარეობაში დაბრუნების შესახებ მიღებულია 2019 წლის ოქტომბერში, ხოლო კანონის მიღება მოხდა ზაფხულში. ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

ასევე სრულიად გაუგებარია იმ უფლებამოსილებების ფარგლებში, რომელიც გააჩნია სპეციალურ მმართველს, როგორ აპირებს ის კომუნიკაციების კომისიის 2019 წლის ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება, დივიდენდის არგაცემა და ა.შ. ბევრი უფლებამოსილება გადააქცევს კომპანიის მართველს მის ახალ მფლობელად. როგორ ხერხდება ამ ინსტრუმენტების გამოყენებით იმ ვალდებულების შესრულება, რაზეც მიუთითებს კომუნიკაციების კომისია?“, - ამბობს რევაზ კოპალაძე.

როგორც „კავკასუსის“დირექტორი ამბობს, კომპანიამ კომისიისგან მოისმინა მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, მაგრამ არ მოუსმენია მოტივაცია.

„ნებისმიერი ადმინისტრაციული წარმოება და გადაწყვეტილება ითვალისწინებს გარკვეული ამოცანის შესრულებას. ეს მიზანი და ამოცანა განივთებულია სწორედ ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში. საკომიტეტო განხილვების დროსაც იყო ნათქვამი, რომ მაშინდელ კანონპროექტს არათუ უხარისხო სამოტივაციო ნაწილი ჰქონდა, არამედ საერთოდ არ ჰქონდა სამოტივაციო ნაწილი.

ამ სამოტივაციო ნაწილის მოსმენის სურვილი გვქონდა ჩვენ გუშინ და მისი გაჟღერება არ იყო კომუნიკაციების კომისიის კეთილი ნება, ნებისმიერი ადმინისტრაციული წარმოება ითვალისწინებს ასეთ კომუნიკაციას მხარესთან. ჩვენ დავსვით კითხვები, მოვითხოვეთ ახსნა-განმარტებები ერთის მხრივ ამ კანონის და გადაწყვეტილების სამართლებრივ ნაწილზე რეტროსპექტიულობასთან დაკავშირებით, ამავე დროს ვთქვით, რომ ის უფლებამოსილების ფარგლები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიც დღეს არც დირექტორს აქვს და არც დირექტორთა საბჭოს.

ანუ, სპეციალური მმართველი ფლობს ერთობლივად ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ცალკე აღებული კომპანიაში არავის აქვს, მაგრამ ფიზიკურ პირებს შორის მომხდარი გარიგება როგორ უნდა შეცვალოს „კავკასუს ონლაინის“ თანამშრომლის მოხსნით, ან დივიდენდის არგანაწილებით, არის სრულიად წარმოუდგენელი, გაუგებარი და ბუნდოვანი. ამის გარკვევის მცდელობა გვქონდა და პასუხი საერთოდ ვერ მივიღეთ“, - ამბობს „კავკასუსის“ დირექტორი.

„ანალიტიკის“ წამყვანი, ელენე კვანჭილაშვილი დაინტერესდა, რა პასუხი ექნებოდა „კავკასუსს“ კომუნიკაციების კომისიის შემდეგ არგუმენტზე: „კავკასუს ონლაინი“ უკვე ერთი წელია სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოპერირებას უკანონოდ გასხვისებული წილების მეშვეობით ახორციელებს, რითაც დადგა უკვე ზიანი როგორც საქართველოში, ისე ინტერნეტმომსახურეობის ბაზარზე არსებული კონკურენტუნარიანი გარემოსთვის“.

„თუ რამეს შეუძლია ზიანი მოუტანოს კომპანიას, ეს არის სპეც-მმართველის დანიშვნა, სამეწარმეო საქმიანობაში ჩარევა და კომპანიის საქმიანობაში ჩარევა. იმ მიზანს, რომელსაც ემსახურება ეს გადაწყვეტილება და ის ინსტრუმენტები და უფლებამოსილება, რომელიც გადაცემულია სპეციალური მმართველისთვის, როგორ აყენებს შედეგს? - ეს შედეგს არ აყენებს“, - ამბობს რევაზ კოპალაძე.

რაც შეეხება საარბიტრაჟო დავაში „კავკასუსის“ არგუმენტებს, კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ კანონის მიღებაც, მისი ფორმაც, მის შესახებ კომუნიკაციაც, თუ როგორ განხორციელდა ეს ყველაფერი წარსულში, საარბიტრაჟო დავისთვის საკმარისი იქნება დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად.