24.ივლისი .2022 10:00

"კვალიფიციური კადრების დეფიციტი ბიზნესის 72%-ს აქვს" - ლევან ვეფხვაძე

"კვალიფიციური კადრების დეფიციტი ბიზნესის 72%-ს აქვს" - ლევან ვეფხვაძე
views 3471
უკან

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის თქმით, ბიზნესის 72%-ს კვალიფიციური კადრების დეფიციტი აქვს. როგორც ვეფხვაძემ გადაცემა "ანალიტიკაში" განაცხადა, ამის ძირითადი მიზეზები სამუშაო ძალის ემიგრაცია და სექტორებს შორის გადანაწილებაა.

"კადრების დეფიციტი ბიზნესის საინვესტიციო აქტივობის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი გახდა. ეს ასევე ეკონომიკის განვითარების ხელისშემშლელიცაა, რადგან არის სექტორები და მიმართულებები, სადაც შეგვიძლია საინვესტიციო შესაძლებლობები გავაჩინოთ და რეალურად ვერ ვაკეთებთ, რადგან კადრები არ არის.

როდესაც 2021 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიებს ვკითხეთ, კვალიფიციურ ძალასთან დაკავშირებით თუ ჰქონდათ პრობლემები, დაახლოებით 72%-მა თქვა, რომ ჰქონდათ. როდესაც მიზეზი ვკითხეთ, ეს ძირითადად იმ უნარებს უკავშირდებოდა, რაც დასაქმებულს უნდა ჰქონდეს. როცა ვკითხეთ რა არის მთავარი პრობლემა, ორი მთავარი ნაწილი გამოიკვეთა. პირველია მიგრაცია, რადგან სადაც მაღალი ხელფასია, იქ მიდიან ადამიანები. მეორეა სექტორებს შორის გადანაწილება. ეს კადრები ძირითადად გადანაწილდნენ ოჯახებში: კერძო დაქირავება; დალაგება; ბავშვის მოვლა და სხვა. აქ დასაქმებულების და ექთნების ხელფასები რომ ნახოთ, მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა", - განაცხადა მან.

როგორც ლევან ვეფხვაძე ამბობს, კონკურენციის გასაწევად აუცილებელია ანაზღაურების ზრდა.

"როცა სამუშაო ძალაზე კონკურენციაა, ანაზღაურება უნდა გაზარდო, რომ ის შეინარჩუნო. თუმცა რომ ავიღოთ სამედიცინო სექტორი, რომელიც დიდ წილში სახელმწიფო პროგრამებზეა დამოკიდებული, თუ ის სახელმწიფო პროგრამები არ გაიზრდება, ანაზღაურებას ვერ გაზრდიან და შესაბამისად მათი მუდმივად გადინება იქნება", - ამბობს ვეფხვაძე.

მისივე თქმით, კადრების დეფიციტის ერთ-ერთი პრობლემა საზოგადოების მენტალიტეტმა წარმოშვა, ვინაიდან პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრები დაკნინებულია.

"გვაქვს ძველი ნარატივი - "შვილო ისწავლე, თორემ წახვალ პროფესიულ სასწავლებელში". თითქოს უუნაროებად აღიქმებოდა პროფესიული სასწავლებელი. ეს ძალიან ცუდი სტერეოტიპია, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ისევ არსებობს. ამას აღვივებენ მასწავლებლებიც, რომლებიც იგივე ნარატივით ელაპარაკებიან ბავშვებს, რომ - "ისწავლე, თორემ პროფესიულ სასწავლებელში მოგიწევს სწავლა". მასწავლებლებს უნდა ავუხსნათ, რომ ასეთი საუბარი ბავშვებთან არ შეიძლება.

40 000-დან 35 000 ახალგაზრდა უმაღლეს სასწავლებელში მიდის და 5 000 პროფესიულში, ეს თუ არ შეიცვალა, ძალიან გაგვიჭირდება წინ წასვლა. მენტალური ცვლილებების გარეშე კი რთულია რაიმეს შეცვლა", - აღნიშნავს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა