მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაღაზიების ნახევარზე მეტი დაიხურება" - სატელეფონო აპარატების იმპორტი შემცირდა

5f95480daf965
თათია კაკიაშვილი
25.10.20 14:55
1081
საქსტატის მიხედვით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში სატელეფონო აპარატებისა და სმარტფონების იმპორტმა თანხობრივად სულ $114.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15.9%-იანი კლებაა. მსხვილ ქსელებში ეს კლება შედარებით უმნიშვნელოდ ჩანს, რადგან მობილურების იმპორტი, ძირითადად, გაწერილი გეგმის მიხედვით ხორციელდება.

განსხვავებული სიტუაციაა კერძო დილერების ბაზარზე, სადაც მომხმარებლის მოთხოვნა ბოლო დროს მეორად და ბიუჯეტურ მობილურ ტელეფონებზე უფრო გაიზარდა. კერძო დილერების თქმით, უცხოეთში მობილური აპარატების შესასყიდმა ფასმა მოიმატა, ხოლო ჩვენს ქვეყანაში ხალხი ძვირადღირებული მოდელების შეძენისგან თავს იკავებს.

ლარის დოლართან მიმართ გაუფასურება სახელდება იმ მთავარ მიზეზად, რის გამოც დილერები მობილური ტელეფონების იმპორტს თავს არიდებენ.

„ლარის დოლართან მიმართ გაუფასურების ფონზე, უცხოეთიდან მობილური აპარატების ჩამოტანა აღარ გვიღირს, რადგან ფასის მომატება ჩვენც გვიწევს და მოგება, პრაქტიკულად, აღარ გვრჩება. ამას გარდა, მოთხოვნა ბოლო ნახევარი წელია, ძალიან შემცირებულია. მომხმარებელს ურჩევნია, მეორადი და თუნდაც დაზიანებული მობილური იყიდოს, რადგან ეს უფრო ბიუჯეტურია“, - განაცხადა BMG-ისთან კერძო დილერმა, სალომე გრძელიშვილი.

გრძელიშვილის თქმით, ეკონომიკური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება და ამასთან, შემცირებული გაყიდვების ფონზე, კერძო მეწარმეების მთავარი პრობლემა ახლა დაქირავებული ფართის გადასახადია.

„თუ სიტუაცია არ შეიცვლება, დიდი ალბათობით, არსებული მაღაზიების ნახევარზე მეტი დაიხურება“, - აცხადებს გრძელიშვილი.

რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტის სატელეფონო მოდელებს, მაგალითად, iSpace-ში, რომელიც საქართველოში Apple-ის ოფიციალური წარმომადგენელია, BMG-ის განუცხადეს, რომ ბოლო პერიოდში მოთხოვნა აქაც შედარებით ბიუჯეტურ მოდელებზეა გაზრდილი.