მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მედიკამენტების ხელოვნურად გაძვირებას არ დავუშვებთ" - მინისტრი ფარმაბიზნესს აფრთხილებს

6418514122124
ინგა მურუსიძე
20.03.23 17:00
549
რეფერენტული ფასების შემოღების შემდგომ იყო ძალიან სამწუხარო შემთხვევები, როცა გარკვეულ მედიკამენტებზე ჩათვალეს, რომ შეიძლებოდა ფასების გაზრდა, თუმცა საკითხი მყისიერად მოვაგვარეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რეფერენტული ფასების შემოღების შემდგომ იყო ძალიან სამწუხარო შემთხვევები, როცა გარკვეულ მედიკამენტებზე ჩათვალეს, რომ შეიძლებოდა ფასების გაზრდა. საუბარია იმ მედიკამენტებზე, რომლებსაც რეფერენტული ფასები არ შეხებია. ჩვენი მხრიდან იყო მყისიერი რეაგირება და ძალიან ოპერატიულად მოხდა ძველ ნიშნულებზე ფასების დაბრუნება. ეს დაუშვებელი და მიუღებელია ჩვენთვის. უკვე მზად გვაქვს საკანონმდებლო პაკეტი, თუ რა ცვლილებები უნდა შევიტანოთ კანონებსა და ნორმატიულ აქტებში, რომ უფრო მკაცრად იყოს გაკონტროლებული როგორც ფარმაცევტული, ისე ჰოსპიტალური მიმართულება. მკაცრი კონტროლი იყოს ამ კუთხით როგორც ხარისხის კონტროლის, ისე საბიუჯეტო ხარჯების მხრივ. ძალიან მალე ნახავთ ცვლილებებს და ყველა პრობლემას, რომელიც კონტროლს და მონიტორინგს უკავშირდება, მოაგვარებს“, - თქვა აზარაშვილმა.

BMG-ის კითხვაზე, თუ კანონი არ ავალდებულებთ, როგორ გეგმავს მთავრობა აიძულოს ფარმაცევტული კომპანიები, რომ ვიდრე ყველა მედიკამენტზე რეფერენტული ფასები ამოქმედდება, ფასები არ გაზარდონ - აზარაშვილი პასუხობს: „ბიზნესს მოგების მაქსიმალიზაციის გარდა აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, რაც ეხება სოციალურ პასუხისმგებლობას. ის, რომ კანონი არ დარღვეულა, არ ნიშნავს, რომ ბაზარს და მოქალაქეებს მიადგეს ზიანი, რამდენიმე დომინანტი ჰოლდინგური კომპანიის შეთანხმების შედეგად. მედიკამენტებზე ხელოვნურად ფასების გაძვირებას ჩვენ არ დავუშვებთ. კომპანიებს სხვადასხვა ახსნა აქვთ, რომ ეს შემთხვევით მოხდა, ან სისტემამ თავად გააძვირა და როცა გაიგეს, ისევ შეამცირეს და ა.შ. სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია და მინდა პასუხისმგებლობა, რაც მოქალაქეების მხრიდან გვაქვს, გაიზიარონ კომპანიებმაც, რომ მეტი სოციალური პასუხისმგებლობით მიუდგნენ“.

კითხვაზე, აქვს თუ არა მინისტრს კომუნიკაცია ფარმაცევტულ კომპანიებთან მას შემდეგ, რაც რეფერენტული ფასები ამოქმედდა და გეგმავს თუ არა დაადგინოს, რეალურად იმუშავა თუ არა იმ ფასებმა, რომელიც სამინისტრომ თეორიულად დაადგინა.

„ზუსტად ეს ფორმულა იყო, როცა 1100 მედიკამენტი გვინდოდა შესულიყო ძალაში და 800 შევიდა იმის გამო, რომ 300 გასაჩივრდა. მათთან შეთანხმებით და იმ არგუმენტაციით, რომ წესრიგშია ყველაფერი, გადაწყვეტილება 15 მარტიდან შევიდა ძალაში“, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

გარდა ამისა, აზარაშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ დღეისთვის 1100 მედიკამენტზე რეფერენტული ფასები მოქმედებს.

„პირველ ეტაპზე რეფერენტული ფასები დავიწყეთ და განვსაზღვრეთ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე. ეს 300 მედიკამენტი, რომელიც ახლა შევიდა ძალაში, ეს იყო პირველ ეტაპზე ძალაში შესული მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებზეც საჩივრები იყო შემოსული. ჯამში 110 მედიკამენტზე ვრცელდება დღეისთვის რეფერენტული ფასები. ამან საერთო ჯამში მედიკამენტები საკმაოდ გააიაფა. ჯამში 40%-იანი კლებაა, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი დანაზოგი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. დარჩენილ მედიკამენტებს რაც შეეხება, ეტაპობრივად მივყვებით და მთლიანად ფარმაცევტულ ბაზარზე გავრცელდება რეფერენტული ფასები, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, 15 მარტიდან ასევე ძალაში შევიდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ეხება ფარმაცევტული კომპანიებისთვის მედიკამენტების ბაზის გახსნას რეგულირების სააგენტოსთვის, ასევე ყველა ტრანზაქციას, რაც მედიკამენტებთან დაკავშირებით არის.

„ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ბაზარი გამჭვირვალე უნდა იყოს. ფარმაცევტული კომპანიებისთვის მედიკამენტების ბაზის გახსნა დასამალი არ უნდა იყოს წესით და რეფერენტული ფასების ფარგლებში უნდა ხდებოდეს გაყიდვა. სხვადასხვა მექანიზმებით, რაც გვაქვს ჩადებული, მოვახდენთ გაკონტროლებას. დღეს ვართ იმ ეტაპზე, როდესაც საშეღავათო პერიოდის ყველანაირი გონივრული ვადა ამოწურულია და უკვე საკმაოდ მკაცრად დავიწყებთ ამის გაკონტროლებას. პირველ შემთხვევაზე ისევ არის ჩანაწერი კანონში და შეიძლება გაფრთხილებით შემოვიფარგლოთ, ხოლო შემდეგ შემთხვევებზე უკვე საკმაოდ დიდი თანხებით დაჯარიმდებიან - 5 000-დან 35 ათას ლარამდეა ჯარიმა.

აუცილებლად მივიყვანთ ამ პროცესს ბოლომდე. სამწუხაროდ, აფთიაქების ნაწილი მზად არ არის და კიდევ ორ და სამთვიან გადავადებას ითხოვენ. არავითარი გადავადება არ იქნება. ყველანაირი ვადა გასულია, ჩვენი IT-სააგენტო ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს იყო მზად, რომ რეინტეგრაცია მოეხდინა მათი, თუმცა ზოგიერთი დღესაც არღვევს ამას და არ არის ჩართული რეგულირების სააგენტოს ბაზაში. მოგვიწევს დაჯარიმებები“, - თქვა აზარაშვილმა.