მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შევეცდებით, კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული ტემპით განიხილოს" - მინისტრი რეპროდუქციული მედიცინის რეგულირებაზე

64903f321dce9
ვიქტორია მღებრიშვილი
19.06.23 15:49
629
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი მთავრობის მიერ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან, კერძოდ კი სუროგაციასა და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებით შემუშავებულ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს, ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრმა ამ მიმართულებით, რეგისტრაციის პროცესის მოწესრიგების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დარგში არსებული მდგომარეობის დარეგულირების პასუხისმგებლობას სრულად თავის თავზე იღებს.

„კანონი საკმაოდ მნიშვნელოვანია და ეხება არამხოლოდ სუროგაციას, არამედ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველანაირ საკითხს. მათ შორის ინ ვიტრო განაყოფიერებასაც. მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი ისეა მომზადებული, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების და სუროგაციის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ. ეს დემოგრაფიული საკითხების გასაუმჯობესებლად არის მნიშვნელოვანი, რომ ამ მეთოდით თუ იქნება შესაძლებელი დემოგრაფიული პრობლემების მოგვარება, ჩვენ ამას ვუშვებთ. ხოლო იმ მანკიერ პრაქტიკას აღვკვეთთ, რომელიც დღემდე ქვეყანაში იყო, სამწუხარო ფაქტები, რაც გვქონდა, ასევე ქვეყნის გარეთ ბავშვების გაყვანასთან დაკავშირებით ძალიან დიდი რისკებია.

არის სპეკულაციები, რომ რეგისტრაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობა მოწესრიგებულია და ახალშობილი ბავშვები მშობლების მიხედვით რეგისტრირდებიან, თუმცა ძალიან ბევრი შესაძლებლობაა, რომ ბავშვი დაბადებამდე მოხვდეს ქვეყნის გარეთ და დაიბადოს სხვა ქვეყანაში. არ მინდა თქმა, მაგრამ რეალურად გასხვისების პოტენციური მოლოდინია, რაც სამწუხაროდ, კომერციულ ნაწილად იქცა და ამ გზით საქართველოდან გადის, როგორც ქართული გენი, ასევე საქართველოს მოქალაქეებს არასწორი მიზნებისთვის იყენებენ.

კანონპროექტი წინა ორშაბათს გადაეგზავნა პარლამენტს და იქიდან გამომდინარე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციაა, დღეს ტექნიკურად თუ იქნება შესაძლებელი, შევეცდებით, პარლამენტში ეს კანონი დაჩქარებული ტემპით განიხილონ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემაა“, - განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე - რა პოზიცია აქვს სამინისტროს რეგულირების შედეგად დარგის განვითარების შეფერხებასთან დაკავშირებით, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ „არასწორი ბიზნესის კეთებისას“ ცენტრები უნდა დაიხურონ.

„სფეროს წარმომადგენლებთან მრავალწლიანი განხილვები იყო და დღეს ეს მოცემულობა რა ფორმითაც კანონპროექტი პარლამენტში განიხილება, ჩვენი ქვეყნის რეალობაზეა მორგებული. ყველანაირი რისკი, რომელიც შეიძლება ამას თან ახლდეს, კანონპროექტის მიხედვით გადაზღვეულია.

ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება ძალიან მაღალ რისკებს შეიცავდეს, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ამ საქმიანობასთან დაკავშირებულს, გაშვილებასთან დაკავშირებით, ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით - ნებისმიერი არასწორი ბიზნესის კეთების შესაძლებლობა (ყველანაირი კონტროლის და რეგულაციის გარეშე) ჩვენ უნდა ავკრძალოთ და თუ საჭიროა, ასეთი ცენტრები უნდა დაიხუროს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლება ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ პროცესზე პასუხისმგებლობას იღებს.

„შეუძლებელია ადამიანის შექმნას, გასხვისებას, გაყიდვას ვადევნებდეთ თვალყურს და ამის კონტროლის ბერკეტები არ გვქონდეს. ეს ყველა ცვლილება ითვალისწინებს იმ საჭიროებებს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ყველა ცვლილება, რომელიც გატარდება, როგორც აღრიცხვასთან დაკავშირებით, ასევე რეესტრთან დაკავშირებით, სრული პროცესი დონორების მოპოვებიდან, სუროგაციის ჩათვლით სრულად სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იქნება - რომელი დონორები, რომელი ბავშვის შექმნაში იღებდა მონაწილებას, სუროგატი ვინ იყო და ა.შ. რომ წლების შემდეგ ძალიან მძიმე შედეგი არ მივიღოთ. ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცესია და ამ პასუხისმგებლობას ჩვენი სამინისტრო აიღებს“, - განაცხადა აზარაშვილმა და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროცედურა საქართველოში იწყება და თუ ბავშვი ნებისმიერ სხვა ქვეყანაში იბადება, მაშინ ის საქართველოში არ რეგისტრირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები