ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ აფთიაქებში მედიკამენტი "დეპაკინი" არ იყო, თუმცა მარაგებში ჰქონდათ. მისი თქმით, კონკურენციის სააგენტო აღნიშნულ ფაქტს სწავლობს, თუმცა უკვე შესაბამისი სამართალდარღვევის ჯარიმების ოქმები შედგა, და რაც მთავარია, სამინისტრომ „სწრაფად მოითხოვა მედიკამენტის ქსელში გაშვება“.
„კარგია, რომ წელს ჩვენ როგორც აფთიაქებს, ასევე საწყობებს თავიანთი ნაშთები სავალდებულოდ გავახსნევინეთ და რეგულირების სააგენტო ხედავს, სად რა ნაშთია. შესაბამისად, ნაშთები გადამოწმდა აფთიაქებში. არ იყო. შემდეგ გადავამოწმეთ საწყობებში და იქ დავინახეთ. კომპანიები კი, როცა მათ ჩვენი თანამშრომლები ამოწმებდნენ, მიუთითებდნენ, რომ რეალურად ნაშთი არ იყო და არც იცოდნენ, როდის ექნებოდათ. მე საგანგებოდ მოვიწვიე ჩემი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ამ პროექტში არიან ჩართულები და დეტალურად გავიარეთ ფასწარმოქმნის მექანიზმი, რომელიც ამ შემთხვევაში „დეპაკინზე“ იყო.
პარალელურად, გავუშვი მეორე ჯგუფი საწყობებში, რათა უშუალოდ გადაემოწმებინათ ნაშთები. იქიდან შესაბამისი ოქმებით დაბრუნდნენ. საწყობში ამ მედიკამენტის ათასობით კოლოფი აღმოჩნდა. კომპანიებს განზრახ არ ვასახელებ, რადგან კონკურენციის სააგენტო ამ საკითხის მოკვლევის ეტაპზეა. შედგა შესაბამისი სამართალდარღვევის ჯარიმები, თუმცა ამ ჯარიმაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სწრაფად მოვითხოვეთ მედიკამენტის ქსელში გაშვება. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ზეწოლა იყო იმის გამო, და ეს დეფიციტი სავარაუდოდ შექმნილი იყო იმისათვის, რომ რეფერენტული ფასი გაზრდილიყო, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია“, - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა. საუბარია მედიკამენტზე “დეპაკინი ხრონო”, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება. „რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად, დაადგინა, რომ “დეპაკინი ხრონო” (300მგ, 500მგ) კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია“, - აცხადებს რეგულირების სააგენტო.
თავის მხრივ, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სექტორის რეპუტაციის შემლახველი უწოდა და აღნიშნა, რომ სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტების გამოვლენის შესახებ, ინფორმაცია სააგენტომ გადაუმოწმებელ მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა.
„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია აცხადებს, რომ მედიკამენტი “დეპაკინი ხრონო” რომელიც წარმოებულია კომპანია „სანოფი“-ს მიერ, მწარმოებლის მხრიდან შეფერხებული საწარმოო პროცესებიდან გამომდინარე, ბაზარზე იქნა იმპორტირებული მცირე რაოდენობით და მწარმოებელმა მხარემ ვერ მოახერხა საჭირო რაოდენობით მედიკამენტის მოწოდება დამკვეთებისთვის. ასევე შეფერხებულია აღნიშნული მედიკამენტის იმპორტი პარალელური რეჟიმით თურქეთიდანაც, ვინაიდან თურქული მხარე ვერ უზრუნველყოფს მედიკამენტის რეფერენტულ ფასში მოწოდებას“, - აცხადებენ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში.
აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კომპანიები ახლა თავის მართლების რეჟიმში არიან.
"წარმოდგენილ არგუმენტებს რაც შეეხება, ერთ-ერთი სინქრონიზაციასთან იყო დაკავშირებული, სწორედ ამის გადასამოწმებლად მოხდა ის, რომ ჩვენთან მოცულობითი ნაშთები ჩანდა, მაგრამ ადგილზე თანამშრომლები მაინც გავუშვი უშუალოდ გადასამოწმებლად, შესაბამისად დადასტურდა ამ ნაშთების არსებობა. ასე რომ, ეს არ არის არგუმენტი. ის ნაშთები, რომლებიც საწყობში იყო, შეეძლოთ დღეებით და კვირით ადრე ქსელში გაენაწილებინათ და ვენარიან პრობლემას ამ მხრივ ვერ ვხედავ. თუ დეფიციტია და თუ მომწოდებელი კომპანია შედარებით ნაკლებ ნაშთებს აწვდის, ამასაც შევამოწმებთ. თუმცა, თუნდაც 1-2 კვირის წინ მიღებული ნაშთები რომ განაწილებულიყო ქსელებში, პრობლემა არ იქნებოდა", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა და დასძინა, რომ კონკურენციის სააგენტო უფრო მეტს დაადგენს და მეტი გვეცოდინება. ამ ეტაპზე კი ეს პრობლემა აღმოფხვრილია.
მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ ბაზარზე დაახლოებით 7000 მედიკამენტია, რაზეც ფასწარმოქმნა და კონტროლი უნდა გაკეთდეს, ეს სამინისტროსთვის რთულია, „მაგრამ ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევაზე მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ“.
„ასეთი სამწუხარო ფაქტების პრევენციისთვის, ერთობლივად კომპლექსურად, რეგულირების სააგენტოს ფუნქციების გაძლიერებით, რომლის შესახებაც ბოლო [საკანონმდებლო] ცვლილებები 1 აგვისტოდან შედის ძალაში, შევძლებთ, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ, მოგვარდეს და არავის გაუჩნდეს სურვილი, რომ ასეთი სენსიტიური საკითხებით სპეკულაციები მოახდინოს ან გაზრდილი შემოსავლის მიღება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
"ცოტა მეტი იფიქრეთ, ფასის ზედა ზღვარია მიზეზი" - ეკონომისტი მედიკამენტის დეფიციტზე