მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეღვინეობა π“-ს ღვინომ საერთაშორისო კონკურსზე Grand Gold მედალი მიიღო

613893eb2176a
ვიქტორია მღებრიშვილი
08.09.21 16:13
1338
2020 წელს დაფუძნებული ღვინის მწარმოებელი კომპანია „მეღვინეობა პის“ ღვინომ „საფერავი 2020“ გერმანიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე MUNDUS VINI 2021 Grand Gold & Best of Show Georgia Red მედლები აიღო.

კომპანიის ინფორმაციით, ეს არის მესამე შემთხვევა, როდესაც ქართული ღვინო MUNDUS VINI-ს ფარგლებში GRAND GOLD მედლით დაჯილდოვდა. ამასთან, კონკურსში სულ ღვინის 4 500 ნიმუში იყო წარდგენილი, საიდანაც გრანდ ოქრო 36-მა მიიღო.

BM.GE სტარტაპკომპანია „მეღვინეობა პის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს თეონა ომარაშვილს დაუკავშირდა და მათ საერთაშორისო აღიარების მნიშვნელობის შესახებ ჰკითხა.

„ჩვენთვის ეს წარმატება ბევრ რამეს ნიშნავს. ეს პირველ რიგში საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ღვინის აღიარებაა და იმის დასტურია, რომ ხარისხიანი ღვინის წარმოების შესაძლებლობა მხოლოდ დიდ კომპანიებს არ აქვთ, არამედ ჩვენც - მცირე მარნებსაც, მონდომებისა და სურვილის შემთხვევაში ხარისხიანი ღვინის წარმოება შეგვიძლია. ეს დასტურია იმის, რომ მცირე მარნებსაც შეუძლიათ მსგავსი შედეგების მიღწევა“, - ამბობს თეონა ომარაშვილი.

სტარტაპკომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ „მეღვინეობა პისთვის“ ეს საერთაშორისო ბაზარზე გამოჩენის პირველი შემთხვევა იყო, რომელიც წარმატებით დასრულდა და ოქროს მედალოსანი „საფერავი 2020“-ის დაყენების თავისებურებებზე საუბრობს.

„გერმანიაში გამართული MUNDUS VINI ჩვენთვის პირველი კონკურსი იყო და მასზე, ფაქტობრივად, პირველი მოსავლით მიღებული ღვინო გავიტანეთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენი ღვინო ადგილწარმოშობის დასახელების მიკროზონებიდან იწურება და ყურძნის ხარისხი, ტერუარი, დაყენების ტექნოლოგია ღვინის ხარისხს განაპირობებს. დიდი წვლილი ჩვენს წარმატებაში კომპანიის მთავარ ტექნოლოგს ლევან ჭიჭინაძეს მიუძღვის, რომელსაც ღვინის წარმოების 25-წლიანი გამოცდილება აქვს“, - აღნიშნავს მეღვინეობის დამფუძნებელი.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „მეღვინეობა პი“  2020 წელს დაფუძნდა, ის წინანდლის მიკროზონაში 15 წლის საფერავისა და 40 წლის რქაწითელის ვენახებს ფლობს. დღეისთვის თბილისში, სტარტაპკომპანიის მცირე ზომის საწარმოსა და ღვინის მარანში 2 200 ბოთლი ღვინო იწარმოება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები