მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეწარმეთა კავშირი" ირაკლი ლექვინაძეს მეფუტკრეებისთვის დავალიანების გადაუხდელობაში ადანაშაულებს

600007948ff0c
ინგა მურუსიძე
14.01.21 13:26
1159
მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე გოგა ციცქიშვილი, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეს ირაკლი ლექვინაძეს მეწარმეებისთვის თანხის გადაუხდელობაში ადანაშაულებს. მან საკითხზე დღეს გამართულ პრესკონეფერენციაზე ისაუბრა.

ციცქიშვილის მტკიცებით, საქმე ეხება აჭარელ მეფუტკრეებს, რომლებისგანაც ირაკლი ლექვინაძის კუთვნილმა სადისტრიბუციო კომპანიამ თაფლი წაიღო და თანხას აღარ უხდის. მისი ინფორმაციით, დავალიანების ოდენობა უკვე 50 ათას ლარს შეადგენს.

„არსებობდა სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ამ მეფუტკრეებისგან იღებდა პროდუქციას და არიგებდა სხვადასხვა სუპერმარკეტებში, თუმცა ფორმატი ასეთი იყო - მეწარმეები აწვდიდნენ სადისტრიბუციო კომპანიას თაფლს, მათ შეჰქონდათ ქსელებში, შემდეგ კი ურიცხავდნენ თანხას საწარმოებს. გარკვეული პერიოდი თანამშრომლობა პირნათლად მიდიოდა, თუმცა ეს შეწყდა 2018 წლიდან და მეფუტკრეებისთვის გადასახდელი დავალიანება უკვე 50 ათას ლარამდე ავიდა. მე ვესაუბრე მეფუტკრეებს და მითხრეს, რომ სადისტრიბუციო კომპანია მეწარმეებს ეუბნება, რომ ქსელურ სუპერმარკეტებს აქვთ დავალიანება მათი ვალი და შესაბამისად, მეწარმეებს თანხას ვერ გადაუხდიდა, თუმცა მე გადავამოწმე და ქსელურ სუპერმარკეტებს პროდუქციაში თანხა გადახდილი აქვთ და ვალი მხოლოდ 2000 ლარს შეადგენს“, - ამბობს გოგა ციცქიშვილი.

მისი ინფორმაციით, შპს „გაყიდვების მართვის კომპანიამ“ ფუნქციონირება შეაჩერა 2018 წლიდან, დაიტოვა მეფუტკრეების ვალი, თუმცა ქსელურებიდან ფინანსური სარგებელი მიიღო. კომპანიაზე ბოლო ამონაწერი საჯარო რეესტრში 2017 წელს ფიქსირდება, დოკუმენტების მიხედვით "გაყიდვების მართვის კომპანიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა სამუშიაა, 50%-იანი წილის მფლობელი კი არის ირაკლი ლექვინაძე. 

„ჩვენ გამოვიკვლიეთ და ირაკლი ლექვინაძის სახელზე დარეგისტრირებულია  14 შპს. მინიმუმ 7-8-ს აქვს დავალიანებები მეწარმეების და კერძო პირების მიმართ. ამ საკითხზე ვმუშაობთ და ინფორმაციას აუცილებლად გაგაცნობთ. არსებობს ასეთი საწარმო „ლილოს წვენები“, რომლის მიმართაც ირაკლი ლექვინაძის ერთ-ერთ შპს-ს აქვს დავალიანება, თუმცა ეს მათ ვერაფრით ვათქმევინეთ, რადგან ეშინიათ, რომ რაიმე საფრთხე შეექმნებათ“, - ამბობს ციცქიშვილი და იქვე დასძენს, რომ ყველა ფაქტი დასტურდება ოფიციალური დოკუმენტებით, მათ შორის გაცემული ზედნადებებით და საბანკო ტრანზაქციებით.

ციცქიშვილი ირწმუნება, რომ ის ესაუბრა ირაკლი ლექვინაძეს, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნულ შპს-ს ვალები ნამდვილად აქვს, თუმცა თავად მისი მფლობელი აღარ არის იმ დროიდან, რაც ბიზნესომბუდსმენი გახდა(ლექვინაძე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობამდე ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას იკავებდა).

„მიუხედავად იმისა, რომ შპს-ს წილი დათმო, ირაკლი ლექვინაძე ვალების გადახდის ვალდებულებისგან არ თავისუფლდება. თავად ლექვინაძე ამბობს, რომ თუ ქსელურები ვალს გადაიხდიან, მეწარმეებს ანგარიშს გაუსწორებს, თუმცა, ქსელურებს ვალი არ აქვთ. დაზარალებულები არიან ფერმერები, რომელთა ნაწილმა ფუნქციონირებაც კი შეწყვიტა, ფუტკარი აღარ ჰყავთ მხოლოდ იმის გამო, რომ ლექვინაძე ფულს არ უხდის“, - განაცხადა ციცქიშვილმა "მთავარის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

საკითხზე bm.ge ირაკლი ლექვინაძის პოზიციის მოპოვებას ცდილობს და მკითხველს მოგვიანებით შესთავაზებს.