21.თებერვალი .2020 19:35

"მნიშვნელოვანია გადასახადის გადამხდელებმა იცოდნენ, რაოდენ ეფექტიანად და სწორად იხარჯება მათი თანხები"

views 318
უკან

გადასახადის გადამხდელთა კავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 30-32% არის სახელმწიფო შესყიდვები, საიდანაც ყველაზე მოცულობითი წილი უკავია სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ  მნიშვნელოვანია გადასახადის გადამხდელებმა იცოდნენ, რაოდენ ეფექტიანად და სწორად იხარჯება მათი თანხები. 


"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოყოფილ თანხებს არაეფექტიანად იყენებენ. საუბარია როგორც პირდაპირი (უტენდერო) შესყიდვებით გაფორმებულ ხელშეკრულებებზე, რომელიც წარმოადგენს კორუფციის მთავარ წყაროს, ასევე ტენდერების შედეგად გამარჯვებულ კომპანიებთან შეწყვეტილ კონტრაქტებსა თუ უხარისხოდ შესრულებული პროექტების ჩაბარებაზე.

ინფრასტრუქტურული თუ სამშენებლო პროექტების ხარისხიანად განხორციელებისთვის მთელი რიგი წინაპირობები არსებობს, მათ შორის თავად პროექტის ეფექტიანობა, მისი ტექნიკური დავალების კვალიფიციურად შედგენა. ამასთანავე, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს პროექტების წინასწარი ექსპერტიზა, რომელიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არ არის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სავალდებულო მოთხოვნა. ასევე, მნიშვნელოვანია არსებობდეს ერთიანი საკვალიფიკაციო მოთხოვნების ნუსხა, რომლის მიხედვითაც შედგებოდა სრული სატენდერო დოკუმენტაცია.

აუდიტის დასკვნა არის უაღრესად საგანგაშო, რადგან მასში საუბარია მთელი რიგი მუნიციპალიტეტების მიერ არაეფექტიანად შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებზე, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის მდგომარეობა დღეს უკვე გაუარესებულია. ამის ერთ-ერთ მიზეზადაც მონიტორინგისა და ხარისხობრივი კონტროლის მექანიზმების არარსებობა სახელდება.

დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტებმა მთელი რიგი მომსახურებები შეისყიდა გამარტივებული წესით, თანხები გასცა დასაბუთების გარეშე, რამაც გამოიწვია საბიუჯეტო სახსრების კომოპანიებისთვის ზედმეტად ანაზღაურება.

გამომდინარე ზემოთქმულიდან, ჩვენი ორგანიზაცია, რომლის უმთავრესი დანიშნულებაა გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვა და მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხების ხარჯვის მონიტორინგი, თვლის, რომ შესაბამისი უწყებები არა მხოლოდ უნდა დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მოახდინოს მკაცრი რეაგირება, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული ჩვენი მოქალაქეების კუთვნილი ფულის არამიზნობრივი და არაეფექტიანი ხარჯვა"-ნათქვამია გადასახადის გადამხდელთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა