მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოაწყონ ცირკები, რამდენიც უნდათ" - ივანე მაჭავარიანი პარლამენტში არმისვლას განმარტავს

5e53af31e25e5
ინგა მურუსიძე
24.02.20 15:06
1225
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიუსვლელობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

მაჭავარიანის თქმით, ის სამი დღის წინ იმყოფებოდა პარლამენტში და თუ კითხვების დასმა უნდოდათ, დეპუტატებს ამის შესაძლებლობა ჰქონდათ.

„მე არ ვიტყოდი, რომ პარლამენტში მისვლას ავარიდე თავი, შესაძლოა, რეგლამენტით ვალდებული ვარ, რომ პარლამენტში მივიდე, თუმცა სულ რამდენიმე დღის წინ, "მინისტრის საათის" ფორმატში ვიყავი პარლამენტში და იქ ჩემი დროის ნახევარზე მეტი დავუთმე იმ შეკითხვებზე პასუხების გაცემას, რაც საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში იყო დასმული, ხოლო მანამდე კომიტეტში წერილი გავგზავნე, რომ მივიდოდი პარლამენტში და ყველა კითხვაზე გავცემდი პასუხს, ხოლო დამატებით საჭიროების შემთხვევაში, მივიდოდი კომიტეტზე. თუმცა მათ სხდომა დატოვეს ფაქტობრივად და არცერთი კითხვა არ დასვეს ანუ მათ არათუ კითხვებზე პასუხები კი არ აინტერესებდათ, არამედ მიაჩნიათ, რომ საკომიტეტო მოსმენა იძლევა მეტი სპეკულაციის საშუალებას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

რაც შეეხება დეპუტატების განცხადებებს იმის შესახებ, რომ ფინანსთა მინისტრი პარლამენტისადმი უპატივცემულოდ მოიქცა, ივანე მაჭავარიანი პასუხობს, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ოთხჯერ იყო პარლამენტში.

„კარგად შეისწავლეთ საქართველოს ისტორია და ნახეთ, ამდენჯერ თუ იყო ფინანსთა მინისტრი მისული პარლამენტში. ყველაზე მეტჯერ ვარ მისული სხვადასხვა ფორმატებში. სამი დღის წინ ვიყავი მისული პარლამენტში და არც კი გაჩერდნენ დარბაზში მოსასმენად. ანგარიშვალდებულებას სრულად აკმაყოფილებს მისვლა, მაგრამ ეს არის რაღაცეების მოსაწყობად და მოაწყონ ცირკები რამდენიც უნდათ“, - განმარტა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ მაჭავარიანი პარლამენტში ფრაქცია ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მიწვევით პარლამენტში დღეს უნდა მისულიყო, თუმცა არ მივიდა.

დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მინისტრს სამ საკითხზე უნდა ესაუბრა.
ეს თემებია:

1. კერძო სატელევიზიო კომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები.
2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე ფინანსთა სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაცია და სამინისტროს პოზიცია.
3. საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები