სანქციების აღსრულება საქართველოში ხდება იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ის დაწესებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების შესახებ განმარტებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, სანქციების აღსრულების ხდება სრულად და არ არსებობს სანქციების დარღვევის ფაქტები საქართველოში.
„მათი აღსრულება ხდება იმ ფორმით და იმ მასშტაბით, რა ფორმითაც და მასშტაბითაც დადგენილია საერთაშორისო პარტნიორების მიერ. უშუალოდ საქართველოს სანქციები დაწესებული არ აქვს, ის არის ამ სანქციების აღმასრულებელი და ამ შემთხვევაში იმ ფორმით და იმ მასშტაბით ასრულებს მათ, რა ფორმით და მასშტაბითაც არის დადგენილი. თუ თქვენი პირადი უკმაყოფილება არის ის, რომ ეს სანქციები არ არის იმ მასშტაბის და ფორმის, როგორც თქვენ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ დაადგინონ სხვა ფორმით.
სანქციებთან მიმართებით არსებობს უამრავი გამონაკლისი. ბუნებრივია, საქართველო არ ყოფილა მონაწილე, როდესაც სანქციებზე მიმდინარეობდა მუშაობდა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების მიერ. ჩვენ არ ვართ მონაწილე, რომ აზრი გამოვთქვათ სანქციებზე, რა ფორმით და როგორ უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენ ვასრულებთ მათ იმ ფორმით, რა ფორმითაც ის არის დადგენილი.
თუმცა უამრავი რეზერვაცია აქვს არაერთ ქვეყანას გაკეთებული, რომ კონკრეტული საქონელი, ან ტრანზაქცია არის გამონაკლისში. ამასთან დაკავშირებით განმარტება შესაძლებელია გააკეთონ ჩვენმა პარტნიორებმა, განმარტებას ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ბუნებრივია, ასეთი გამონაკლისები არსებობს, ეს ცნობილია და არ არის საიდუმლო“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ცნობისთვის, სანქციების აღსრულების შესახებ ფინანსთა მინისტრს კითხვა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ დაუსვა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოდან რუსეთში ევროკავშირიდან იმპორტირებული მანქანების გადაყვანა მაინც ხდება. აღნიშნულს ლაშა ხუციშვილმა დეზინფორმაცია უწოდა.
შეგახსენებთ, საქართველოდან რუსეთში ამერიკული და ევროპული მანქანების ექსპორტი გასულ წელს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში აიკრძალა.
სანქციების შემოღების შემდეგ რამდენი ტვირთი არ მიიღო და არ გაატარა საქართველომ? - ლაშა ხუციშვილი