მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების შემოღების შემდეგ რამდენი ტვირთი არ მიიღო და არ გაატარა საქართველომ? - ლაშა ხუციშვილი

სანქციები

სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებულია უარის თქმის 1795 შემთხვევა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის მომართვისას უარის თქმის 1050-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება - წერია ლაშა ხუციშვილის პარლამენტისთვის წარსადგენ მოხსენებაში.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომ, ფინანსთა სამინისტროს და კერძოდ საბაჟო დეპარტამენტს განსაკუთრებულ რეჟიმში
უწევს მუშაობა რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების მიმართულებით.

ამავე ანგარიშის თანახმად, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ დამატებით განთავსდა საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის, რენტგენოსკანერები. ასევე, გაძლიერდა სხვა გამშვები პუნქტების შესაძლებლობები შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით.

„სანქციების დაწესების პირველი დღეებიდანვე, საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია. აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და დაკავშირებული სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) დახმარებით, ორგანიზებულ იქნა რამდენიმე დისტანციური და ფიზიკური შეხვედრა, საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების, საბანკო სექტორისა და რა თქმა უნდა, საბაჟო დეპარტამენტის ჩართულობით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, საშუალება მოგვეცა მიგვეღო საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმაზე DOLFIN-ზე დაშვება. სანქციების აღსრულების მხარდაჭერის მიზნით, თითოეულ საეჭვო ტრანზაქციასთან მიმართებით, მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოსთან და კომპეტენტურ უწყებებთან, ევროკომისიის DG TAXUD-თან, ევროკავშირის კრიზისების მართვის გუნდთან და უშუალოდ პარტნიორი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებთან. პოტენციურად სანქცირებული ოპერაციების თავიდან ასაცილებლად, მუდმივი კონსულტაციები მიმდინარეობს ეკონომიკურ ოპერატორებთან, რაც მნიშვნელოვანია პრევენციის კუთხით. საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური მუდმივად ავრცელებს ოფიციალურ განცხადებებს,“ - წერია დოკუმენტში.

ცნობისთვის, ხვალ, 21 თებერვალს მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ. მოხსენება, რომელიც 2023 წელს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულებებს შეეხება, პარლამენტს უკვე წარედგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები