მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მონეტარული სტაბილურობისათვის აუცილებელია, მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა"

62b2f864153f8
BM.GE
22.06.22 15:25
401
2022 წლის 1 მაისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 190 900 სესხია გაცემული, ხოლო საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 8.811 მლრდ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. ინფორმაციას ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკები“ ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა, რომლის მიხედვით გაცემული სესხების აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-იან მაჩვენებელზე შენარჩუნდა.

მათივე ინფორმაციით, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 500 ხელშეკრულებითაა შემცირებული, თუმცა მთლიანი პორტფელი - 8.734 მლრდ-დან 8.811 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

190 900 ხელშეკრულებიდან 84 300 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1.281 მლრდ ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 მაისის მდგომარეობთ 19.95% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებია. რეფინანსირების განაკვეთზე 1 მაისის მონაცემებით 70 100 სესხია მიბმული, საშუალოდ 12.35%-ში. მთლიანი პორტფელი კი 3.030 მლრდ ლარია.

35 400 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 აპრილთან შედარებით 400-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 4.446 მლრდ ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1.196 მლრდ ლარი გასცეს, საშუალოდ 15.28%-ში, ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 მაისის მონაცემებით 3.263 მლრდ ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 14.52%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 მაისის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 18.6 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 21.83%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 3 000 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 30.2 მილიონი ლარია.

1 მაისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 40.8%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი ავტო სესხზე - 21.83%-ია, რომელსაც მოყვება სამომხმარებლო სესხი - 19.95%-იანი განაკვეთით.

1 მაისის მდგომარეობით, გაზრდილია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა შემცირებულია. 1 აპრილის მონაცემებთან შედარებით საპროცენტო განაკვეთების არსებითი ცვლილება არც ერთი მიზნობრიობით გაცემულ სესხებში არ შეიმჩნევა.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება, ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების გამომწვევი შიდა და გარე ფაქტორების შესუსტების გამოძახილია. პანდემიით გამოწვეულ ინფლაციურ პროცესებს თან დაერთო რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილი რისკებიც, მსოფლიო ბაზარზე გარკვეულ სასაქონლო კატეგორიებზე ფასების ზრდა. მაისის თვის ინფლაციამ 13.3% შეადგინა, რაც ზემოაღნიშნული შოკების გამორიცხვის გარეშე უფრო მეტად შემცირებული უნდა ყოფილიყო სხვა თანაბარ პირობებში.

"ინფლაციის შემცირებაზე დადებითად მოქმედ ფაქტორებს შორის, შესაძლებელია, გამოვყოთ ლარის გამყარება და შედარებითი სტაბილურობა, რაც იმპორტირებული ინფლაციის შესუსტებას განაპირობებს. თუმცა გარკვეულ ფაქტორად რჩება უძრავი ქონების ბაზარზე ქირის ფასების ნახტომისებური მატება, რომელსაც საკმაოდ დიდი წილი უჭირავს მიმდინარე პერიოდის ინფლაციის მაჩვენებელში.

გაზრდილია როგორც შიდა ასევე საგარეო მოთხოვნა. ასევე მნიშვნელოვნადაა შენარჩუნებული საკრედიტო აქტივობა, სამომხმარებლო და უცხოური ვალუტის სესხების ხარჯზეც.
შემდგომ თვეებში კი მოსალოდნელია კლება, თუმცა გაგრძელებული ინფლაციის ფონზე, ახალი შოკის დამატების პირობებში, უარყოფითი ინფლაციური მოლოდინების ფორმირების გაზრდილი რისკია, რითიც აიხსნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის არსებულ დონეზე შენარჩუნება. ინფლაციური ზეწოლის ერთი მთავარი არხი ნავთობის ფასების ზრდაა, რაც ეკონომიკის სექტორებში ჯაჭვურად იწვევს ფასების ზრდას და შესაბამისად დიდი კონტრიბუცია აქვს ინფლაციაში. მეორე წყარო კი მიწოდების არხია, როდესაც რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო გარკვეულ სასაქონლო ჯგუფებზე ფასები გაიზრდება.

მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების მიხედვით, გაძლიერებულ ინფლაციურ ზეწოლას დიდი ცენტრალური ბანკები უკვე გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას უპირისპირებენ, მაგ: აშშ-ის და ევროპის ცენტრალური ბანკები, რომლებიც საპროცენტო განაკვეთებს საკმაოდ ხანგრძლივად, ნულოვან ნიშნულთან ინარჩუნებდნენ. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ბანკს, მათ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება შედარებით ადრე დაიწყეს, მზარდი ინფლაციური ზეწოლიდან გამომდინარე, რაც პანდემიისგან გამოწვეულმა შოკებმა მოიტანა. მონეტარული სტაბილურობისათვის აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც სამომავლოდ პირდაპირ კავშირში იქნება ინფლაციასთან", - ნათქვამია "საზოგადოება და ბანკების" მიმოხილვაში.