მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობას სიხარულისთვის ერთადერთი საფუძველი აქვს, რომ შედეგები ნაკლები არ იყო", - ფინანსისტი ეკონომიკურ ზრდაზე

5e356c32d08b5
ინგა მურუსიძე
01.02.20 17:00
1358
"მთავრობას სიხარულისთვის ერთადერთი საფუძველი აქვს, რომ შედეგები ნაკლები არ იყო", - ასე აფასებს ფინანსისტი ირაკლი ერაძე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის დეკემბრის ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა გამოაქვეყნა. საქსტატის მიხედვით, დეკემბრის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3.8% იყო, 2019 წლის 12 თვის ჯამური ზრდა კი - 5.2%.

„ერთადერთი სიხარულის საფუძველი შეიძლება იყოს ის, რომ მაჩვენებელი ნაკლები არ არის. თორე იმის თქმა, რომ ეს მიღწევაა ქვეყნისთვის, ვერანაირად ვერ იქნება სწორი, მით უმეტეს დეკემბრის მაჩვენებლის ჭრილში. მთავრობის და ოპოზიციური პარტიების ეკონომიკური პოლიტიკა წელს მთლიანად ნაკარნახევი იქნება არჩევნებით და ამომრჩევლის მოსყიდვით, არა პირდაპირი გზით, არამედ გულის მოგებით. 2020 წლის წლის ეკონომიკური პოლიტიკის ამომავალი წერტილი იქნება მხოლოდ ეს, რომ ადამიანების სასაიამოვნოდ, მეტ დაპირებაზე იყოს ორიენტირებული. ეს ეკონომიკაზე რა თქმა უნდა ცუდად იმოქმედებს. ის, რაც მიმართულია კლასიკურ პოპულიზმზე და აგებულია პოლიტიკაზე, კაცობრიობის ისტორიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად არასდროს მოქმედებს, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული“, - განაცხადა ერაძემ.

ფინანსისტი ამბობს, რომ თუკი მთავრობამ ასე გააგრძელა, ეკონომიკური მიმართულებით რაიმე გაუმჯობესება არ იქნება.

„არის დადებითი ძვრებიც, მაგალითად ენერგეტიკული კუთხით უფრო მეტად თავისუფალ ბაზარზე მინდობა, ასევე პრივატიზაცია. ასეთი გამონათებები არსებობს, მაგრამ მთლიანობაში ერთი ხელით კარგს ვაკეთებთ, მეორე ხელით ორ ცუდს ვამატებთ. რეგულაციებით ვახშობთ რაღაცეებს და ა.შ. თუ ასე გააგრძელებენ, იმედი არ მაქვს, რომ რაიმე გაუმჯობესდება“, - განაცხადა ერაძემ.