მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნამახვანჰესის“ კონტრაქტის პირობები, რა თქმა უნდა, მიუღებელია“ - პრემიერის მორიგი განცხადება

60d6076e3710b
თელარა გელანტია
25.06.21 20:38
1631
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სახელმწიფოსა და „ნამახვანჰესის“ ინვესტორს შორის გაფორმებული კონტრაქტის არსებული პირობები მისთვის მიუღებელია.

ამ თემაზე ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მე ღიად დავაფიქსირე. მე არ დამიმალავს, რომ ეს პროექტი დამხვდა მემკვიდრეობით და, რა თქმა უნდა, მიუღებელია ის პირობები, რომელიც კონტრაქტში წერია, თუნდაც 100 წელი და ა.შ. სხვა პირობები, რომელიც იქ ჩამოწერილია. მე მქონდა საუბარი კომპანიის დამფუძნებელთან, რომელიც ჩემი მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში და ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ეს პირობები გადაიხედოს. პროცესებში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აქტიურად არის ჩართული.

ამასთან, მე დავავალე იუსტიციის მინისტრს საერთაშორისო კონკურსის გამოცხადება და უკვე გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელიც „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას შეისწავლის.

თუ კიდევ დამატებით შეუსაბამობას აღმოვაჩენთ და შესაბამისი დასკვნაც იქნება, რა თქმა უნდა, ამასაც გავითვალისწინებთ... იქ არის რაღაც პრინციპული საკითხები, რაც დამატებით ემოციას იწვევს ჩვენში და რაც აბსოლუტურად გასაგებია და ყველას გვესმის ეს, რაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ინვესტორთან, რათა ეს პირობები იქნას შეცვლილი.

ამას გარდა, ჩვენ მედიაციის პროცესში ჩავრთეთ ევროკაშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი.

ასევე, მე პირადად არაერთხელ დავუდასტურე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს დიალოგის მზაობა, სრული გახსნილობა, გამჭვირვალობა, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები და აშენდეს ჩვენ ქვეყნისთვის სასარგებლო პროექტი.

მე მინდა შევახსენო მოსახლეობას და ყველას, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ასეთი მასშტბური პროექტი არ აშენებულა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენ მორატორიუმი გამოვაცხადეთ კაშხლის მშენებლობაზე - ეს ჩემს დროს მოხდა.

ვთქვით, რომ 9-12 თვე არ დაიწყება კაშხლის მშენებლობა, მანამ, სანამ ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი.

დანარჩენი ადრეც ვთქვი და გავიმეორებ - ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, გაზი, მაგრამ გვაქვს ჰიდრორესურსები და შეგვიძლია გავიზიაროთ ევროპული პრაქტიკა - შვეიცარია, ავსტრია, გერმანია, სადაც უზარმაზარი ჰესები არის აშენებული და არავითარი ზიანი არ ადგება გარემოს. იქ, რა თქმა უნდა, წესების დაცვით ხდება ყველაფერი. ჩვენ თუ გონივრულად და რაციონალურად არ გამოვიყენებთ ენერგორესურსებს, ვერ მივაღწევთ ენერგოუსაფრთხოებას, რაც, საბოლოო ჯამში, გადის ჩვენს სუვერენიტეტსა და ჩვენი სახელმწიფოს ძლიერებაზე.

ყველა პროექტს, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის სარგებლობა მოაქვს, სახელმწიფოსგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება. ყველა პროტესტი უნდა იყოს კონსტიტუციის ფარგლებში გამოხატული, დანარჩენი მიუღებულია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.