მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საჭიროა ცოტა მოცდა“ - პრემიერი აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებს მიმართავს

64465b9c8cb07
ვიქტორია მღებრიშვილი
24.04.23 14:41
636
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აქონდროპლაზიის დაავადებული ბავშვების მშობლებს მიმართავს და სახელმწიფოს მხრიდან დაავადების სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსებაზე მოცდისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობა ამ მედიკამენტის დაფინანსებაზე უარს არ ამბობს, თუმცა მის დაფინანსებას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან წამლის გამოცდის მეოთხე ეტაპის შედეგები და რეკომენდაციები ცნობილი გახდება, ამიტომ მთავრობის მეთაური მშობლებს მოცდას სთავაზობს.

„სახელმწიფოს ამ მედიკამენტების დაფინანსებაზე უარი არ უთქვამს, არც მინისტრს და არც მის მოადგილეს. მესმის, მშობლების ემოციურობის და ნერვიულობის. ბოლო დღეების განმავლობაში ამბობენ - „მიეცით წამალი ბავშვს“ თითქოს წამალი რომ მივცეთ, ყველაფერი შეიცვლება. იმასაც კადრულობენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რაც ძალიან დიდი ტყუილია. რამდენიმე საერთო ნაცნობი მყავს, რომლის შვილი ასეთი დიაგნოზით არის და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათი დისკრიმინაცია არ შეიძლება, ამაზე უნდა ვიყოთ მოწოდებულები.

ეს წამალი გამოიგონა ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ და ის ქვეყანა, სადაც ეს მედიკამენტი გამოიგონეს არ აფინანსებს ამ პროგრამას. ჯერ კიდევ ელოდებიან მეოთხე ფაზის დასრულებას, კვლევის გვერდითი ეფექტების გამოვლენას და ამის შემდეგ ეს საკითხი ძალიან მალე გადაწყდება. დიდმა ბრიტანეთმა, ამ პროგრამის დაფინანსება დაიწყო და შეაჩერა. ჩვენ, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფო, ვეყრდნობით მათ გაიდლაინებს და მითითებებს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა. ჩვენ უარს არ გეუბნებით, თანხაზე არ არის საუბარი, შეიძლება იყოს საუბარი 10 მლნ-ზე, ეს თანხა ჩვენთვის პრინციპული და კრიტიკული არ არის, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, თუ ამ წამლის მიცემით, უფრო ცუდად წავიდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ეს ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხი იქნება, ანუ სახელმწიფოსი, ჩვენ არ გვინდა, რომ ასე მოხდეს, საჭიროა ცოტა მოცდა. დრო გვჭირდება, ერთად ვიმუშაოთ. მინდა მივმართო ამ ბავშვების მშობლებს, სამინისტრო მზად არის, რომ ერთად გავიაროთ ეს პროცესი, ეს გზა და დაველოდოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნებსა და მითითებებს. ამის შემდეგ მოხდება ამ პროგრამის ამოქმედება. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, რამდენიმე თვე დაველოდებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მორიგ მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო მარშს მართავენ. ისინი ითხოვენ, რომ სახელმწიფომ გამოყოს ბიჯეტიდან თანხა მედიკამენტისთვის ქვეყანაში შემოიტანოს.

ცნობისთვის, საქართველოში აღნიშნული დაავადების მქონე ბავშვების ოფიციალური სტატისტიკა არ იწარმოება, თუმცა არაოფიციალურად, აქონდროპლაზია სავარაუდოდ 36 მოზარდს აქვს, მათგან თხუთმეტი 15 წლამდე ასაკისაა. მედიკამენტი სწორედ ამ ასაკამდე გამოიყენება, რომ კიდურების ზრდას შეუწყოს ხელი. როგორც დაავადებული მოზარდების დედები ამბობენ, მედიკამენტი ძალიან ძვირი ღირს და მისი შემოტანა მათთვის ფიზიკურად შეუძლებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები