მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პირველ ეტაპზე "ფაიზერის" 20 ათასი დოზა შემოვა" - რა ეტაპზეა მოლაპარაკებები?

60055421587e6
ინგა მურუსიძე
18.01.21 13:31
995
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახლა საუბარი მიდის მხოლოდ მარეგულირებლების მიერ აღიარებული 3 ვაქცინის, „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ასტრა ზენეკას“ შემოტანაზე, თუმცა როგორც კი ბაზარზე ახალი, აღიარებული ვაქცინა გამოჩნდება, ესეც გათვალისწინებული იქნება.

მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული სამი ვაქცინის შემოტანისთვის ქვეყანაში ყველაფერი მზად არის და დამატებითი ინვესტიციაც კი არაა საჭირო. რაც შეეხება ვადებს, კოვაქს-პლატფორმასთან მიდის ინტენსიური მოლაპარაკებები, რათა ვაქცინა პირველ კვარტალში შემოვიდეს.

„16 იანვარს კოვაქს-პლატფორმაში უკვე გავგზავნეთ წერილი მზაობაზე, რომ ხვალვე შეგვიძლია დავიწყოთ ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინით, თუკი შესაძლებლობა მოგვეცემა, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ მსგავსი შემოთავაზება მივიღოთ კოვაქს-პლატფორმიდან „ასტრა ზენეკათი“ აცრის დაწყებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი ინფორმაციით, კოვაქსი ითხოვდა ვაქცინაციის გეგმას და საქართველომ პირობა სრულად შეასრულა, ახლა უკვე საჭიროა, კოვაქსის პლატფორმამ ზუსტი პასუხი გამოგზავნოს, თუ როდის მოგვაწოდებს ვაქცინას.

„პროცესი არის ორმხრივი. ჩვენ ჩვენი პირობები შევასრულეთ, ახლა ველოდებით დასტურს კოვაქსიდან, გვექნება თუ არა ვაქცინა თებერვლიდან. ჩვენ კოვაქსში შეკვეთილი გვაქვს მილიონნახევარი დოზა, თუმცა ის ეტაპობრივად შემოვა. ვვარაუდობთ, რომ პირველ ეტაპზე შემოვა 20 ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა და მათგან 10 ათასი ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის იქნება განკუთვნილი“, - აღნიშნა გაბუნიამ.