05.ნოემბერი .2019 20:00

"პროგრეს ბანკის" ისტორია დაარსებიდან დღემდე

views 513
უკან

„პროგრეს ბანკმა" არსებობა რამდენიმე წლის წინ შეწყვიტა, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ბანკი, რომლის აქციონერებიც კახა კალაძე და ბიძინა ივანიშვილი იყვნენ, საზოგადოებრივი განხილვის საგნად იქცა. 

„პროგრეს ბანკი“ 2007 წელს კახა კალაძემ მისი კომპანიის „კალა კაპიტალის“ მეშვეობით დააფუძნა 12 მლნ ლარის ინვესტიციით. ბანკის მართვაში ჩართული იყვნენ ყოფილი პრემიერ მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და კალაძის სპორტული აგენტი ლორენცო ჩიპრიანი, თუმცა ნოღაიდელი მალევე ჩამოცილდა ბანკის საქმიანობას. სხვადასხვა დროს ბანკში მოღვაწეობდა კახა კალაძის სიმამრი ბადრი არეშიძეც.

ბანკის წლიური აუდიტირებული ანგარიშგებების მიხედვით, 2008-დან 2012 წლამდე ბანკის აქტივები 13 მლნ-დან 21 მლნ ლარამდე გაიზარდა, თუმცა 2013 წლიდან ბანკი სწრაფ ზრდას იწყებს და 2013 წელს - 167%-ით, 2014 წელს - 33%-ით და 2015 წელს 165%-ით იზრდება. ჯამში, ბანკის აქტივები 2012-2015 წლებში 9-ჯერ გაიზარდა (21 მლნ-დან 195 მლნ ლარამდე).



სწრაფი ზრდის მიუხედავად ბანკმა ყველა ეს წელი ზარალით დაასრულა. მთელი მისი ისტორიის მანძილზე კი, მოგება მხოლოდ 2010 წელს 354 ათასი ლარის ოდენობით აჩვენა. ყველა დანარჩენი წელი კი, ზარალით დაასრულა. ჯამში, 2008-2015 წლებში ბანკმა 4.6 მლნ ლარი იზარალა.



დაარსების დღიდან 2011 წლის ბოლომდე ბანკის კაპიტალსა და მფლობელებში ცვლილებები არ მომხდარა; 2011 წლის 22 ნოემბრამდე კახა კალაძე ინარჩუნებდა 100%-იან წილს. როგორც 2011 წლის წლიური ანგარიშგებიდან ირკვევა 2011 წლის 22 ნოემბერს ბანკმა გამოუშვა ახალი აქციები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა (ფიზიკურმა პირმა) შეიძინა. სავარაუდოდ, აღნიშნული ტრანზაქცია ბანკში შექმნილ ლიკვიდურობის პრობლემას უკავშირდებოდა. ვინაიდან, როგორც ეროვნული ბანკისადმი წარდგენილ 2011 წლის მესამე კვარტლის ანგარშგებაში ჩანს, ბანკის ლიკვიდურობის კოეფიციენტი მხოლოდ 5.27%-ს შეადგენდა, რაც საკმაო დაბალი მაჩვენებელია (შედარებისთვის 2010 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 15.52% იყო). 2012 წლის იანვარში ბანკმა კვლავ გამოუშვა აქციები, რომელიც ისევ ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. ჯამში, ამ ორი ტრანზაქციის შედეგად ივანიშვილი ბანკის 21.71%-ის მფლობელი გახდა, რის სანაცვლოდაც მან 3,794,500 ლარი გადაიხადა. ამის შემდეგ ბანკის კაპიტალში ცვლილება აღარ განხორციელებულა და 2012 წლის იანვრიდან ბანკის ლიკვიდაციამდე კაპიტალი 17,474,500 ლარს შეადგენდა (დამატებით 1,680,000 ათასი ლარით კაპიტალი 2011 წელს კალა კაპიტალისგან მიღებული სესხის კონვერტაციით გაიზარდა).

მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალში ცვლილება არ მომხდარა, იცვლებოდნენ აქციონერები. კახა კალაძემ საკუთარი წილი 2013 წლის ბოლოს WEBION INVESTMENTS LIMITED-ს მიყიდა, რომლის უკანაც რუსი ამერიკელი ფორმულა1-ით გატაცებული მილიარდერი მაიკ ზოი იდგა. ამის შემდეგ 2015 წელს იგივე წილი The company Pintex Group Corp-მა შეიძინა, რომლის უკანაც ილია გავრილოვი იდგა. გავრილოვი წარმოშობით თურქმენი, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენია. მის ბანკს Federal Deposit Bank რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ლიცენზია 2015 წლის დეკემბერში შეუჩერა სარისკო საკრედიტო პოლიტიკისა და საეჭვო გადარიცხვების გამო.



ვინაიდან ბანკის მასიური ზრდის პარალელურად ბანკის კაპიტალის ზრდა ფაქტიურად არ მომხდარა, ბანკი აქტივების ზრდა ძირითადად კლიენტებისგან მოზიდული სახსრებით (დეპოზიტებით) ფინანსდებოდა.

2013 წელი - „პროგრეს ბანკის“ აქტივები გაიზარდა 167%-ით

2013 წელს აქტივების მასიური ზრდა ძირითადად კლიენტების ანგარიშების ზრდით დაფინანსდა. კლიენტთა დეპოზიტები ერთი წლის მანძილზე 4 მლნ ლარიდან 37 მლნ ლარამდე გაიზარდა, მათ შორის 18 მლნ ლარით გაიზარდა ფიზიკური პირების დეპოზიტები.უფრო დეტალურად იმის დადგენა თუ რომელი კლიენტების ხარჯზე მოხდა ზრდა, საჯარო ანგარიშგებების მიხედვით, სამწუხაროდ, შეუძლებელია.



2014 წელი - „პროგრეს ბანკის“ აქტივები გაიზარდა 33%-ით

2014წელს გაგრძელდა დეპოზიტების ზრდა, ძირითადად კვლავ ფიზიკური პირების დეპოზიტების ხარჯზე, რომელიც 12 მლნ ლარით გაიზარდა. ჯამში, 2012-2014 წლებში ფიზიკური პირების დეპოზიტები 16-ჯერ 2 მლნ ლარიდან 32 მლნ ლარამდე გაიზარდა.



2015 წელი - „პროგრეს ბანკის“ აქტივები გაიზარდა 164%-ით

2015 წელს კლიენტთა დეპოზიტები გაიზარდა ორჯერ, ამჯერად ზრდა ძირითადად იურიდიული პირების ხარჯზე მოხდა. მათ შორის, სახელმწიფო და საჯარო ორგანიზაციების ანგარიშები (ვადიანი დეპოზიტები) გაიზარდა თითქმის ოთხჯერ 7 მლნ-დან 27 მლნ ლარამდე. ასვე თითქმის სამჯერ გაიზარდა ვაჭრობის სფეროს დეპოზიტები.



2015 წელს "პროგრეს ბანკს" ასევე მოზიდული ჰქონდა დეპოზიტები ორი ბანკისგან. KB Bank Razvity-სგან მიღებული ჰქონდა სამი დეპოზიტი ჯამში 12.1 მლნ აშშ დოლარი საშუალოდ 2%-ში. დეპოზიტის ვადიანობა ანგარიშგებიდან არ ირკვევა, თუმცა საპროცენტო განაკვეთის კომერციული მიმზიდველობა „კომერციული ბანკი რაზვიტიასთვის“ ეჭვს ბადებს. აღნიშნულ ბანკს რუსეთში შეუჩერდა ლიცენზია 2016 წლის ოქტომბერში, ნოემბერში კი, გაკოტრებულად გამოცხადდა.

„პროგრეს ბანკს“ ასევე „საქართველოს ბანკისგან“ ჰქონდა მოზიდული ჯამში ექვსი დეპოზიტი. აქედან ოთხი უკავშირდება ე.წ. სავალუტო სვოპის ტრანზაქციას, რომლის მიხედვითაც, „პროგრეს ბანკი“ „საქართველოს ბანკში“ განთავსებული ევროსა და ლარის დეპოზიტების ნაცვლად დოლარის დეპოზიტებს იღებდა. დანარჩენი ორი დეპოზიტი შეადგენდა 5 მლნ და 1 მლნ აშშ დოლარს. 5 მლნ აშშ დოლარის დეპოზიტი სავარაუდოდ, გაიხსნა 2015 წლის 29 იანვარს. ამ დროს „პროგრეს ბანკის“ მთლიანი აქტივები შეადგენდა დაახლოებით, 74 მლნ ლარს. „საქართველოს ბანკის“ მიერ „პროგრეს ბანკში“ ამ ოდენობის დეპოზიტის განთავსება (5 მლნ დოლარი „პროგრეს ბანკის“ მთელი აქტივების დაახლოებით, 14%-ს შეადგენდა) ეჭვს ბადებს საკრედიტო რისკების კუთხით.

კლიენტებისგან მოზიდული დეპოზიტების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოდან იყო (2012 წელს - 100%, 2013 წელს - 93%, 2014 წელს - 83%, 2015 წელს 84%).

2016 წლის სექტემბერში ბანკის 108 მლნ ლარის აქტივები და 108 მლნ ლარის ვალდებულებები „თიბისი ბანკმა“ შეიძინა „ბანკ რესპუბლიკასთან“ ერთად. „თიბისი ბანკის“ ოფიციალური განცხადების ძირითადი ნაწილი „ბანკ რესპუბლიკის“ შესყიდვის ტრანზაქციის აღწერას დაეთმო, „პროგრეს ბანკზე“ მოკლედ აღინიშნა, რომ ეს თანხა შეადგენს „თიბისის“ აქტივების მხოლოდ 1.6%-ს და არამატერიალურია. ამ დროისთვის ეს თანხა „პროგრეს ბანკის“ მთლიანი აქტივების საბალანსო ღირებულების დაახლოებით ნახევარს შეადგენდა, თუმცა როგორც მოგვიანებით ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა, „თიბისი ბანკმა“ „პროგრეს ბანკის“ აქტივების 95% და ვალდებულებების 100% შეიძინა. სავარაუდოდ, ეს პროპორციები ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების საბაზრო ღირებულებას ეხება. თუმცა საბაზრო და საბალანსო ღირებულებებს შორის ამხელა სხვაობა კითხვის ნიშნებს აჩენს.

ამ ტრანზაქციის შემდეგ მალევე "პროგრეს ბანკის" ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო, თუმცა 2018 წელს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის განკარგულებით, ლიკვიდაციის პროცესი შეწყდა და „პროგრეს ბანკი“ სს „პროგრესი“-ს სახელით არასაბანკო ორგანიზაციად აგრძელებს ფუნქციონირებას.