მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართუ ბანკის" - ყიდვა - არგაყიდვის ისტორია

5dc6504e9a73d
შოთა ტყეშელაშვილი
09.11.19 16:20
2667
“ქართუს“ გაყიდვასაც 3 წელიწადია ვცდილობ და ერთადერთი პირობა მაქვს – ბანკი არ უნდა დაიხუროს, ბაზარზე არსებულმა ორმა მძლავრმა მოთამაშემ არ შთანთქას იგი და უნდა იარსებოს მესამე – ძლიერმა ბანკმა,”- ჟურნალ Enterpreneur-თან განაცხადა საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.

ამ დროისთვის უცნობია თუ რას ნიშნავს ივანიშვილის ფრაზა “ბანკი არ უნდა დაიხუროს, ბაზარზე არსებულმა ორმა მძლავრმა მოთამაშემ არ შთანთქას იგი” - გულისხმობს თუ არა ეს იმას, რომ გაყიდვის შემთხვევაში, ახალმა მფლობელმა “ქართუს” ბრენდი უნდა შეინარჩუნოს? ასევე უცნობია არის თუ არა თანახმა ბიძინა ივანიშვილი, რომ “ქართუ ბანკი” იურიდიულად სხვა ბანკს შეერწყას.

უკანასკნელ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა “ლიბერთი ბანკის” მიერ “ქართუს” შესაძლო შეძენაზეც ისაუბრა.

“ამიტომ ვთქვი უარი „ქართუს“ გაყიდვაზე მოგებით და მზად ვარ ბანკი ნომინალურ ფასად, ანუ იმ ფასად გავყიდო, რაც თავდაპირველად შევიტანე კაპიტალში. „ლიბერთი“ ბანკმა გამოთქვა შეთავაზებული პირობით „ქართუს“ ყიდვის ინტერესი, რაც მისასალმებელია. ეს კარგი იქნება საბანკო სისტემისთვის, რადგან მესამე, მძლავრი ბანკი ქვეყანას სჭირდება,”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, “ქართუ ბანკის” კაპიტალი 200 მილიონ ლარს, მთლიანი აქტივები კი 1.23 მილიარდ ლარს შეადგენს. აქტივების ღირებულებით, “ქართუ” ქართულ საბანკო სექტორში რიგით მეხუთეა. ამ მოცულობიდან გამომდინარე, ბუნებრივად არის შეზღუდული იმ პირთა სიმრავლე, ვინც შეიძლება ბიძინა ივანიშვილის ბანკის ყიდვით დაინტერესდეს.

2019 წლის მარტში "ლიბერთის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი რუხაძემ განაცხადა, რომ მათ “ქართუს” ყიდვის სქემა სებ-ს უკვე გააცნეს. თუმცა, ფაქტია, რომ ამ განცხადებიდან 8 თვის შემდეგ, ტრანზაქცია გაფორმებული არაა.

ეს კი იმის მიუხედავად, რომ ლიბერთის მიერ ქართუს შეძენაზე პირველი საჯარო განცხადება ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში გაკეთდა.

"ლიბერთის" მოგება-ზარალის უწყისის მიხედვით, 2019 წლის სამი კვარტლის განმავლობაში ბანკის წმინა მოგებამ 16,161,550 ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ით ნაკლებია.

ბანკის ფინანსური დოკუმენტაციის მიხედვით, მისი უმსხვილესი მეწილეები არიან:

ირაკლი ოთარ რუხაძე - 30.40%;
ბენჯამინ ალბერტ მარსონი - 30.39%;
იგორ ალექსეევი - 30.39%.

სწორედ ეს პირები არიან ამავდროულად, ჰოლდინგური კომპანია Hunnewell Partners-ის მეწილეები, რომელიც დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და უცხოეთში მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის უმსხვილეს აქტივებს განკარგავს.

რაც შეეხება თავად “ქართუს” მისი წმინდა მოგება 2019 წლის 9 თვეში ლიბერთიზე საგრძნობლად მეტი იყო და 18,894,816 ლარს შეადგენდა. წლიურ ჭრილში “ქართუს” მოგება 78%-ით არის გაზრდილი. ბანკის 100%-იანი წილის მფლობელი უტა ივანიშვილია.

"ლიბერთი" VS "ქართუ" ძირითადი ფინანსური ინდიკატორების მიხედვით:

უკუგება საშუალო კაპიტალზე (ROE), ლიბერთი - 7.6%; ქართუ - 12.46%;
მთლიანი საპროცენტო შემოსავლები / საშუალო წლიურ აქტივებთან, ლიბერთი - 13.64%; ქართუ - 7.37%;
საოპერაციო შედეგი / საშუალო წლიურ აქტივებთან, ლიბერთი - 3.13%; ქართუ - 3.26%;
უმოქმედო სესხები / მთლიან სესხებთან, ლიბერთი - 5.62%; ქართუ - 39.48%.
მთლიანი სესხების ზრდის ტემპი, ლიბერთი - 15.38%; ქართუ - 2.30%.

საქართველოს საბანკო სექტორის წმინდა მოგებისა და აქტივების ზომის სტატისტიკა 2019 წლის მდგომარეობით: