ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში ენდემური ჯიშებისგან დაყენებულ ღვინოს ამერიკის ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს.
მისი თქმით, ასევე ქვევრში დაყენებული ღვინო ქართული ღვინის დიდი უპირატესობაა.
"ამერიკის ბაზარზე უფრო მეტი პოტენციალი გააჩნია იმ უნიკალურ ჯიშებს, რომელსაც საქართველო აწარმოებს. საერთაშორისო ჯიშები, რომელსაც სხვა და სხვა ქვეყანა აწარმოებს, ამერიკის ბაზარზე ბევრია. საქართველოს გააჩნია თავისი ენდემური ჯიშები და ამ ენდემური ჯიშების წარდგენა ვფიქრობ, სწორი პოზიციაა. ბოლო ათწლეული ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით, რომ ცნობადობა გავზარდოთ ადგილობრივი ქართული ჯიშების, მაგალითად, როგორიცაა საფერავი. მათ შორის ქვევრში დაყენებული ღვინო ქართული ღვინის ძლიერი მხარეა", - ამბობს მინისტრი.
ცნობისთის: 2022 წლის 7 თვის მონაცემებით, საექსპორტო ბაზრებზე 121 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, რაც მხოლოდ 2.9%-ით ნაკლებია 2021 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ისევ რუსეთია, 72.2 მილიონით რუსეთზე მთლიანი ექსპორტის 59.6% მოდის. მეორე ადგილზეა პოლონეთი - 8.6 მლნ შემოსავლით, ხოლო მესამეზე ჩინეთი 8 მილიონით. ხუთეულში შედიან ყაზახეთი 5.13 მლნ და უკრაინა 4.9 მლნ დოლარით. 27.7%-იანი ზრდაა აშშ-ის ბაზარზე, საიდანაც ღვინის ექსპორტის შემოსავალმა 3.143 მლნ დოლარი შეადგინა. ამ ბაზარს სტრატეგიულ ბაზრად განიხილავენ საქართველოში. სამიზნე მაჩვენებელია, რომ 2025 წლისთვის, ამერიკის საექსპორტო ბაზარზე გაყიდვებმა 5 მილიონ ბოთლს მიაღწიოს.