მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კომპანიები არიან ქართული ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორები მსოფლიოში/რუსეთში?

ექსპორტი

2023 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში საქართველომ ღვინის რეალიზებით 217 მილიონ 303 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყურძნის ნატურალურმა ღვინოებმა უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში 4.3%-იანი წილით მესამე ადგილი დაიკავა.

ქვეყნიდან ღვინის რეალიზების მაჩვენებელი წლიურად 8.2%-ით გაიზარდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტირებული ღვინის მოცულობა 2022 წლის 10 თვეში უფრო მეტი იყო. წელს 75 726 ტონა ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასულ წელთან შედარებით 4%-ით ნაკლები მაჩვენებელია.

ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო საქონელი ექსპორტზე ყველაზე დიდი მოცულობით რუსეთში გადის და ამ ბაზრის გარდა პოლონეთში, უკრაინაში, ჩინეთში, ყაზახეთში, ბელარუსში, აშშ-ში, გერმანიაში, ლატვიაში, ლიეტუვასა და სხვა ქვეყნებშიც იყიდება.

BM.GE-იმ საქსტატიდან მსოფლიოში ქართული ღვინის ექსპორტიორი კომპანიების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. 10 თვის მონაცემებით, უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების ათეულში შედიან სს ბადაგონი, სს თელავის ღვინის მარანი, სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა, შპს Bolero & Company, შპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი, შპს ასკანელი ძმები, შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია, შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა, შპს კახური ღვინის მარანი, შპს მეღვინეობა ხარება. საქსტატის მიერ მოწოდებული ექსპორტიორი კომპანიები რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის.

როგორც აღვნიშნეთ, ქართული ღვინის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი წლების განმავლობაში რუსეთი იყო. 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთს მთლიან ექსპორტში 66%-იანი წილი უკავია. ბოლო 5-წლიან პერიოდს თუ შევხედავთ, რუსეთში ღვინის გაყიდვები როგორც მოცულობაში, ისე ღირებულებაში იზრდებოდა. ამ ხუთწლიან პერიოდში გამონაკლისი მიმდინარე წელი აღმოჩნდა, როცა ექსპორტირებული საქონლის ღირებულება 11.7%-ით 144 მლნ დოლარამდე გაიზარდა, მოცულობა კი მცირედ, თუმცა მაინც 1.8%-ით 53 547 ტონამდე შემცირდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთში ქართული ღვინის ღირებულება გაიზარდა.

BM.GE-მ საქსტატიდან იმ კომპანიების სიაც გამოითხოვა, რომლებიც რუსეთისთვის ღვინის მთავარი მიმწოდებლები არიან. 2023 წლის 10-თვიანი პერიოდის განმავლობაში საქართველოდან ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზარზე ყველაზე მეტი ღვინო სს ბადაგონმა, შპს Bolero & Company-მ, შპს ასკანელი ძმებმა, შპს დუგლაძეების ღვინის კომპანიამ და შპს კახური ტრადიციული მეღვინეობამ გაიტანეს. ამ შემთხვევაშიც კომპანიები რეიტინგის მიხედვით არაა დალაგებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები